აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება ლოცვის ეროვნული დღის პატივსაცემად კონსერვატორების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რადგან ის არ შეიცავს სიტყვას „ღმერთი“.
„ლოცვის ამ დღეს, ჩვენ მიზანმიმართულად და ერთიანად ვუერთდებით და ვეთანხმებით იმ ძირითად თავისუფლებებს, რომლებმაც ჩვენი ერის განსაზღვრასა და თვითმყოფადობას შეუწყო ხელი. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს წარმოუდგენელ კეთილდღეობას, რომ როგორც ამერიკელებს, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი რწმენა და არ აქვს მნიშვნელობა, რა რწმენას ვეკუთვნით. მოდით, ჩვენს ლოცვებში აღმოვაჩინოთ, თუ როგორ უნდა გადავლახოთ უბედურება, დავძლიოთ ჩვენი განსხვავებები და გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი…“ – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილმა ქრისტიანმა კონსერვატორებმა მალევე განიხილეს პრეზიდენტის გზავნილი და აღმოაჩინეს, რომ ბაიდენის განცხადება ლოცვის დღესთან დაკავშირებით არ შეიცავს სიტყვას „ღმერთი“, რაც მათი კრიტიკის საფუძველი გახდა.
„გამოვიდა ჯო ბაიდენი ეროვნული ლოცვის დღეზე და ის ღმერთს არ ახსენებს ერთხელაც კი! როგორ შეგიძლიათ, გამოაქვეყნოთ განცხადება ლოცვის შესახებ და საერთოდ არ ახსენოთ ღმერთი?“ – წერს ქრისტიანული სამაუწყებლო ქსელის მთავარი პოლიტიკური კორესპონდენტი დევიდ ბროდი Twitter-ზე.
კონსერვატიული რადიოწამყვანი ტოდ სტარნსი ასევე აფასებს ბაიდენის განცხადებას და ამბობს: „ბაიდენის უღმერთო ლოცვის ეროვნული დღის პრობლემა ის არის, რომ დემოკრატებს არ სჯერათ შემოქმედის, რომელიც გვანიჭებს ჩვენ უფლებებსა და თავისუფლებას. მათ სჯერათ, რომ ამ უფლებებს მთავრობა გვჩუქნის.“ – დაწერა მან Twitter- ზე.
კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ბაიდენის ლოცვის ეროვნული დღის განცხადება, მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, ასევე არ შეიცავს ბიბლიურ მონაკვეთებს.
შეგახსენებთ, რომ 1775 წელს პირველმა კონტინენტურმა კონგრესმა მოიწვია ხალხი ლოცვის პირველი ეროვნული დღისათვის. 1863 წელს აბრაამ ლინკოლნმა განაცხადა ამ დღის აუცილებლობის შესახებ. 1952 წელს კი კონგრესმა ყოველწლიურ მოვლენად დაადგინა ლოცვის ეროვნული დღე. დადგენილებას, როგორც კანონს, ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ტრუმანმა. 1988 წელს კანონში შევიდა ცვლილება და მას ხელი მოეწერა პრეზიდენტ რეიგანის მიერ. კანონის მიხედვით, მაისის პირველი ხუთშაბათი განისაზღვრა ლოცვის ეროვნულ დღედ.