ბიბლიის მკვლევრებმა გაშიფრეს უძველესი ბიბლიური წარწერა, რომელიც რამდენიმე საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე დღეისათვის ცნობილი ყველაზე ძველი, ებრაულ ენაზე შესრულებული წარწერა. წარწერა აღმოაჩინეს ღებალის მთაზე, რომლის შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობთ. ამულეტი ძვ. წ. აღ-ით 1400 წლით თარიღდება.
დოქტორმა სკოტ სტრიპლინგმა, რომელიც უძველეს შილოში გათხრებს ხელმძღვანელობს, გასულ კვირას განაცხადა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ. ეს არის ორი კვადრატული სანტიმეტრის სიდიდის ტყვიისგან დამზადებული ავგაროზი, რომელიც სტრიპლინგის გუნდმა 2020 წელს აღმოაჩინა.
ამულეტი ორად იყო დაკეცილი და მისი გახსნა ვერ ხერხდებოდა მასალის სიმყიფის გამო. სტრიპლინგის გუნდმა დახმარებისათვის პრაღაში მყოფ მკვლევრებს მიმართა, რომლებმაც ტომოგრაფიული სკანირების მეშვეობით აღადგინეს დამალული წარწერა. სკანირებამ გამოავლინა პროტო-ებრაული წარწერა, რომელიც 40 ასოსგან შედგებოდა. წარწერაში, რომელშიც სიტყვა „წყეული“ 10-ჯერ, ხოლო ტეტრაგრამატონი (YHWH) ორჯერ არის მოხსენიებული, ვკითხულობთ:
„წყეულია, წყეულია, წყეულია − წყეულია ღმერთ იაჰვეს მიერ. უთუოდ მოკვდები; იაჰვეს მიერ წყეული, წყეული, წყეული.“
ეს ტეტრაგრამატონის (YHWH – ებრაულ ენაში მამა ღმერთის სახელი) ყველაზე ადრეული გამოჩენაა ისრაელში და ის ნაპოვნ იქნა ღებალის მთაზე, სადაც ძველი აღთქმის მიხედვით წარმოითქვა წყევლის სიტყვები, როცა ისრაელიანებმა ღმერთს აღთქმა განუახლეს ისრაელის აღთქმულ მიწაზე შესვლამდე (მეორე რჯულის წიგნის 27-ე-28-ე თავები). სტრიპლინგის აზრით, ამულეტი სწორედ ამ მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს.
ეპიგრაფიკოსებმა (უძველესი წარწერების გაშიფვრის სპეციალისტები) პიტერ გერტ ვან დერ ვენმა და გერშონ გალილმა დაასკვნეს, რომ ავგაროზი გახლდათ, ე. წ. „წყევლის ფირფიტა“.
„ეს სულ ცოტა 200 წლით უფრო ძველია, ვიდრე ნებისმიერი ებრაული დამწერლობა, რომელიც ოდესმე აღმოგვიჩენია. ეს ავგაროზი და მისი წარწერა არ უსწრებს ბიბლიას. ვფიქრობთ, რომ ის თანხვდება ბიბლიაში აღწერილ მოვლენებს. ვხედავთ შესაბამისობას ბიბლიაში დაწერილსა და არქეოლოგიურ აღმოჩენას შორის.“ – აცხადებს სტრიპლინგი.