მეჩეთად გადაკეთების შემდეგ აია-სოფიაში ისლამური ლოცვა დღეს პირველად ჩატარდა. კორონავირუსის გამო დაცული იყო უსაფრთხოების სპეციალური ზომები. არსებული შეზღუდების გამო ლოცვას 500 მუსლიმანი დაესწრო. ხალხის ნაწილი აია-სოფიას გარეთ იყო შეკრებილი. ლოცვას ესწრებოდა პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანიც, რომელმაც პარასკევის ლოცვის დაწყებამდე ყურანი წაიკითხა.
აია-სოფია მლოცველებისთვის მთელი დღის განმავლობაში ღია იქნება. გახსნის დღესთან დაკავშირებით სტამბულში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა, აია-სოფიაში მისვლის მსურველებს კი ავტობუსები უფასოდ ემსახურებიან. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე 17 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული.
პირველ ლოცვაზე დასასწრებად მიწვეულნი იყვნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები.
მეჩეთად გადაკეთების შემდეგ აია-სოფიას მარმარილოს იატაკი ხალიჩით დაფარეს. ლოცვისას ფარდა ჩამოაფარეს საკურთხეველში, გუმბათზე გამოსახულ ფრესკებსაც. თურქეთის მთავრობა ირწმუნება, რომ აია-სოფია მნახველებისთვის კვლავ ძველებურად ღია იქნება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა “იუნესკოს”, აშშ-ის და ბერძნული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების მხრიდან. ამის მიუხედავად, 10 ივლისს მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბულში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.