ებრაელები მსოფლიოს ყველა კუთხეში ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ. მათი რწმენით, ხანუქა განახლების, სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე და სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების დღესასწაულია. ხანუქას აღნიშვნა 28 ნოემბერს, საღამოს დაიწყო და 6 დეკემბერს დასრულდება.
ხანუქას აღნიშვნა დაწესდა ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო. შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) ყოველდღე თითო სანთელი ინთება.
ხანუქას დღესასწაული, წესისამებრ, ნოემბერ-დეკემბერში აღინიშნება.
ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოში მყოფი ებრაელებიც. 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი აანთო.
ხანუქას ამბავი იწყება იმ პერიოდში, როდესაც ანტიოქე IV ეპიფანე გახდა მმართველი საბერძნეთის იმპერიისა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის ელინიზაცია ისედაც ეჭვქვეშ აყენებდა ებრაელების რელიგიის გადარჩენას, ანტიოქეს მაინც დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ებრაელების მომავალი გაენადგურებინა და მათი რწმენა დაენგრია.
მან არა მხოლოდ მღვდელმთავარი ონიას III მოკლა, არამედ ამოხოცა იერუსალიმის 40,000 მკვიდრი. ყველა მსხვერპლი ტაძრის მსახური იყო. ტაძარი მიეძღვნა ზევსს და წმინდა წერილთა უმეტესი ნაწილი განადგურდა, ებრაელები კი იძულებულნი გახდნენ, ამ წარმართულ რიტუალებში მიეღოთ მონაწილეობა.
მისი მცდელობა, რომ წაეშალა ებრაელების რელიგიის ყოველგვარი კვალი, დამთავრდა იმით, რომ მან ტაძრის საკურთხეველში სამსხვერპლოზე მსხვერპლად შესწირა ღორი, რითაც შეურაცხყო იგი. მაკაბელთა ოჯახმა, რომელიც იყო აარონის სამღვდელო ხაზიდან, მოაწყო აჯანყება ამ ბოროტი მმართველის წინააღმდეგ. ისრაელი სასწაულებრივად იმარჯვებდა ყოველ ჯერზე, სანამ საბოლოოდ არ დაიბრუნა ტაძარი. ისრაელის ღმერთისთვის ტაძრის დაბრუნება აღინიშნება სწორედ ხანუქას დროს.
მაშინ, როდესაც ებრაელები ხელახლა შევიდნენ იერუსალიმის ტაძარში, იქ იყო განსაკუთრებული ზეთი მენორასთვის, მაგრამ მისი რაოდენობა მხოლოდ ერთი დღით იყო საკმარისი გასანათებლად, თუმცა მენორა ტაძარში 8 დღე ენთო. ამ დროის განმავლობაში კი ჩამოიტანეს ზეთი გალილეიდან.
სადღესასწაულო ზეთის ამბავი არსად არ მოიძებნება წმინდა წერილებში, ამიტომ ის „აგადად“ (ლეგენდად) მიიჩნევა.