ცოტა ხნის წინ ეგვიპტის მთავრობის კომიტეტმა პრემიერ-მინისტრ მოსტაფა მედბულის ხელმძღვანელობით, მიიღო გადაწყვეტილება 70 ეკლესიისათვის ლეგალური სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე 1,638 ეკლესიას აქვს ეს სტატუსი. მიუხედავად ამისა, ეგვიპტეში არსებულ ქრისტიანულ ეკლესიებს მაინც ემუქრება საფრთხე მუსლიმანთა მხრიდან.
კომიტეტი 2017 წლის იანვარში ჩამოყალიბდა არალიცენზირებული ეკლესიების ლეგალიზაციის მიზნით და მას შემდეგ 1,638 ეკლესიას მიანიჭა ლეგალური სტატუსი.
მიუხედავად ამისა, წინა კვირას, კოუმ ელ-ფარაგის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთლიანად დაანგრიეს მეჩეთის გვერდით მდებარე ეკლესიის შენობა.
ამ ეკლესიის შენობაში 15 წლის განმავლობაში ტარდებოდა ღვთისმსახურებები. რამდენიმე წლის წინ მის გვერდით მუსლიმანებმა მეჩეთი ააშენეს. ქვეყნის საერთო სამართლის მიხედვით კი, ეკლესია ოფიციალურად არ შეიძლება იქნეს აღიარებული და მას არ აქვს უფლება ქრისტიანული სიმბოლოების საჯაროდ გამოტანის, თუკი მის გვერდით მეჩეთი დგას.
მორწმუნეთა რიცხვის ზრდასთან ერთად ეკლესიამ კიდევ ორი სართული მიამატა თავის ერთსართულიან შენობას, რამაც მუსლიმანთა გაღიზიანება გამოიწვია. შედეგად, ადგილობრივმა ხელისუფლებმა დაანგრიეს ეკლესიის შენობაც და მის გვერდით მდებარე მეჩეთიც. ამასთან, დააპატიმრეს 14 ქრისტიანი, მათ შორის მღვდელი და ოთხი ქალი, რომლებიც ეკლესიის დანგრევისათვის ხელის შეშლას ცდილობდნენ.
ქრისტიანული ორგანიზაციის „Christian Solidarity Worldwide“ აღმასრულებელმა დირექტორმა მერვინ ტომასმა განაცხადა: „მივესალმებით ეკლესიების ლეგალიზაციას ეგვიპტეში და მოვუწოდებთ ადმინისტრაციას, განაგრძოს ამ მხრივ რეფორმების გატარება და მუშაობა საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებათა გასაუმჯობესებლად, რომელი დამოკიდებულებანიც მიმართულია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ეკლესიის და მეჩეთის დანგრევის გამო, რადგან ეს არ გახლავთ ნაყოფიერი საშუალება დაძაბულობის აღმოსაფხვრელად. მთავრობამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ცივილიზებული ჩარევის მეთოდი უნდა შეიმუშაოს იმისათვის, რომ შეცვალოს საზოგადოებაში არსებული მსგავსი დამოკიდებულებანი.“