რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა “იუნესკოს”, აშშ-ის და ბერძნული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების მხრიდან. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით პირველი მუსლიმანური ლოცვა აია-სოფიაში 24 ივლისს აღევლინება.
“ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში თურქეთის პრეზიდენტი ამბობს: „აია-სოფიას აღორძინება ნიშანია ალ-აქსას მეჩეთისათვის (იერუსალიმი) თავისუფლების დაბრუნებისა“, ხოლო არაბულ ენაზე დაწერილ პოსტში კი ვკითხულობთ: „აია-სოფიას აღორძინება მისალმებაა ჩვენი გულიდან ყველა ქალაქისადმი ბუხარადან მოყოლებული ანდალუზიამდე.“
ბუხარა თანამედროვე უზბეკეთია, ხოლო ანდალუზია კი თანამედროვე ესპანეთი. ორივე მხარე ერთ დროს ისლამის მმართველობის ქვეშ იყო და ეს ერთგვარი მინიშნებაა ისლამური ოცნებისა ამ მიწების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვკითხულობთ CBN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
„ეს კიდევ ერთი ნაბიჯია გადადგმული თურქეთში ავტორიტარული და სექტარიანული რეჟიმის დამყარებისკენ. ამას კი აუცილებლად მოჰყვება გამოძახილი თურქეთიდან ახლო აღმოსავლეთში და სხვებსაც გაუჩნდებათ სურვილი იმისა, რომ საკუთარი ნება თავს მოახვიონ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს.“ – განაცხადა ორგანიზაცია Foundation for Defense of Democracies წარმომადგენელმა აიკან ერდემირმა. „ვფიქრობ, ეს კატასტროფა იქნება თურქეთის შემცირებული ქრისტიანული მოსახლეობისათვის.“ – დაამატა ერდემირმა.