ეკლესიები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთმანეთთან კავშირს ინტერნეტსაშუალებებით ინარჩუნებენ და ამგვარად ადევნებენ თვალყურს ღვთისმსახურებებს კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო. ჩინეთში კი მსგავსი ქმედება კანონის დარღვევად მიიჩნევა.
ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ერთ-ერთი ეკლესიის ხუცესი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი ონლაინშეხვედრას ატარებდა ეკლესიების ჩამოყალიბებასა და მახარებლობასთან დაკავშირებით. ხუცესი ლუო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჰკითხავდნენ.
ამის შესახებ ორგანიზაციას „International Christian Concern“ შეატყობინა ორგანიზაციამ „ჩინეთის ქრისტიანთა გაერთიანება სიმართლისათვის“.
ლუომ განუცხადა პოლიციას, რომ ქრისტიანები პანდემიის დროს უშიშრად ემსახურებოდნენ ქალაქის მცხოვრებლებს.
„ქრისტიანები საკუთარ სიცოცხლეს არად აგდებენ იმისათვის, რომ სიკეთე აკეთონ, თუმცა პოლიცია მათ მაინც დამნაშავეებად მიიჩნევს. ეს არაკეთილგონივრულია.“ ‒ განაცხადა ლუომ დაკითხვაზე.
„მე რამდენჯერმე სრულიად სერიოზულად ვუთხარი მათ, რომ მხოლოდ ქრისტესთვის ვცხოვრობ და სხვა საკითხებზე კამათს არ ვაპირებ.“ ‒ დაამატა ხუცესმა.
ამის შემდეგ ხუცესი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ კომუნისტურ ჩინეთში ქრისტიანთა დევნა პანდემიის დროსაც გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ სახელმწიფოს დახმარებოდნენ და ქუჩებში უსასყიდლოდ დაერიგებინათ პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები.