ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ორ ბიბლიას გამოიყენებს ფიცის დადების ცერემონიაზე. მათგან ერთი ბიბლია ეკუთვნოდა თერგუდ მარშალს, უზენაესი სასამართლოს პირველ შავკანიან მოსამართლეს.
კამალა ჰარისმა ერთხელ „თავისი ყველაზე დიდი გმირი“ უწოდა თერგუდ მარშალს, რომელმაც, ჰარისის მსგავსად, ასევე ჰოვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა.
„ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ვიცე-პრეზიდენტი მარშალის შესახებ ამბობს, რომ ის „მებრძოლი“ იყო სასამართლო დარბაზში და ასევე საუბრობს იმაზეც, რომ სწორედ თერგუდ მარშალი იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მან ადვოკატობა გადაწყვიტა.
კამალა ჰარისს ფიცს დაადებინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სონია სოტომაიორი. ეს იქნება ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა, როდესაც პირველი შავკანიანი, სამხრეთ აზიური წარმოშობის და ამასთან, ქალი ვიცე-პრეზიდენტი დადებს ფიცს პირველი ლათინო-ამერიკელი მოსამართლის მიერ.
ამ საქმისათვის კამალა ჰარისმა თვითონ აირჩია სონია სოტომაიორი. სოტომაიორი უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას ინაუგურაციაში. მან დააფიცა ახლანდელი პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენი 2013 წელს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.
შეგახსენებთ, რომ კამალა ჰარისი 55 წლის კალიფორნიელი სენატორი გახლდათ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი. ის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე არჩეული ქალი. ჰარისი ასევე იქნება პირველი აზიელ-ამერიკელი და პირველი აფროამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი.