ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში მაოისტებმა ქრისტიანი ხუცესი მოკლეს გასულ კვირას. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე ქრისტიანის მკვლელობაა. საინფორმაციო პორტალი Morning Star News ავრცელებს ცნობებს იმის შესახებ, რომ ხუცესი მუნში დევუ სოფელ ბჰაპტარში ღვთისმსახურებას უძღვებოდა გასულ პარასკევს, სადაც, დაახლოებით, 15 ოჯახი იყო შეკრებილი, როცა სამი შეიარაღებული მამაკაცი და სამი ქალი თავს დაესხა შეკრებილებს და იარაღის მუქარით წაიყვანა ხუცესი.
„მათ თოკით შეუკრეს ხელები მას. მე, ჩემი მამამთილი და მაზლი უკან გავყევით და ვეკითხებოდით, რატომ მიჰყავდათ. მათ თქვეს, რომ მხოლოდ საუბარი სურდათ მასთან და არ უნდა გვენერვიულა, რადგან მალე გამოუშვებდნენ. 5-7 წუთში იარაღის სროლის ხმა გავიგონეთ,“ ‒ ამბობს ხუცესის მეუღლე ჯაინაი მუნში ტადო. ‒ „ჩვენ მაშინვე გავიქეცით იქით, საიდანაც სროლის ხმა მოგვესმა და ჩემი ქმრის უსულო სხეული ვიპოვეთ, რომელიც საკუთარ სისხლში ცურავდა. მწარედ ვტიროდი.“ ‒ განაგრძობს ჯაინაი.
ხუცეს ტადოს დარჩა ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი. მაოიზმი მარქსიზმ-ლენინიზმის გარკვეული მიმართულებაა, რომელიც მაო ძედუნმა შეიმუშავა იმისათვის, რომ სოციალისტური რევოლუცია მოეხდინა ჩინეთის რესპუბლიკის (მოგვიანებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) პრეინდუსტრიულ საზოგადოებაში. ინდოეთის კომუნისტური პარტია გახლავთ მაოისტური პარტია, რომელიც მიზნად ისახავს ინდოეთის მთავრობის ჩამოგდებას.
ტადო და მისი მეუღლე ყოფილი მაოისტები იყვნენ. ცოლ-ქმარმა 18 თვე გაატარა ციხეში კომუნისტების ამბოხებაში მონაწილეობისათვის, მაგრამ შემდეგ ისინი საკუთარ სოფელში დაბრუნდნენ და კომუნისტურ პარტიასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს.
გარკვეული წყაროების ცნობით, სოფლის მცხოვრებლები უკმაყოფილონი იყვნენ ტადოს ეკლესიაში ქრისტიანთა რიცხვის ზრდით. მათ მაოისტები წააქეზეს ხუცესის მოსაკლავად.
ხუცესმა ვიჯაი კუმარ ვაჩამიმ, ტადოს მენტორმა და უახლოესმა მეგობარმა, განუცხადა Morning Star News-ს, რომ ტადო და მისი ცოლი ქრისტიანობაზე შვიდი წლის წინ მოექცნენ და ამის გამო გამუდმებით იდევნებოდნენ.