ტომ და ჯოან დოილები მისიონერები არიან ახლო აღმოსავლეთში. ცოტა ხნის წინ მათ CBN News-ს ინტერვიუ მისცეს ახალ ვებგვერდთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილ მუსლიმანთათვის შეიქმნა, რათა მათაც იცოდნენ სხვა ყოფილ მუსლიმანთა შესახებ, რომლებიც მზად არიან, ისაუბრონ ქრისტეს რწმენის შესახებ.
ქრისტიანობაზე მოქცეული მუსლიმანები უამრავი სირთულის, დევნის და შევიწროების წინაშე დგანან. მათ, ვინც ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ ქრისტეს, ნუგეშს პოვებენ ახალი ვიდეოსერიების მეშვეობით. ამ სერიების საშუალებით ყოფილ მუსლიმანებს შეუძლიათ, მოისმინონ სხვა ყოფილ მუსლიმანთა ისტორიები.
ვებგვერდის სახელწოდებაა „მე ვიპოვე ჭეშმარიტება“ (I Found The Truth), რომლის შემქმნელები ტომ და ჯოან დოილები არიან.
„ამასთან დაკავშირებით თითქმის ათი წლის განმავლობაში ვლოცულობდით. დავდიოდით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში: იორდანიაში, სირიაში, ლიბანში და ვფიქრობდით, რომ უამრავი მუსლიმანია, რომელსაც სჭირდება ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა, მაგრამ არ არსებობს უსაფრთხო ადგილი მათთვის ამის მოსასმენად. შემდეგ კი იმდენი ისტორია მოვისმინეთ ქრისტიანობაზე მოქცეულ ყოფილ მუსლიმანებთან დაკავშირებით, რომ გადავწყვიტეთ, სხვებისთვისაც მიგვეწოდებინა ეს ისტორიები.“ ‒ ამბობს ჯოან დოილი.
„ვლოცულობთ, რომ მილიონობით მუსლიმანმა მოისმინოს ქრისტეს შესახებ, მივიდეს მისი ჯვრის წინაშე და საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნას მას.“ ‒ დასძენს ტომ დოილი.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიანთა რიცხვი ყველაზე სწრაფად სწორედ ახლო აღმოსავლეთში იზრდება. გვერდი, სახელწოდებით “I Found The Truth“ „ფეისბუკზეც“ შეგიძლიათ იხილოთ, სადაც განთავსებულია ყოფილ მუსლიმანთა შთამბეჭდავი ისტორიები.