ჩრდილოეთ მიანმარში (ბირმა) მომხდარი კონფლიქტის გამო უმცირესობაში მყოფმა ქრისტიანებმა, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი სახლები, საკუთარი სოფელი დააფუძნეს იანგონთან და მას ბაითალა ანუ ბეთელი უწოდეს, რაც ბიბლიის მიხედვით თავშესაფარი იყო გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის.
ჩრდილოეთ რაკხაინის შტატში დაწყებული დაპირისპირება მიანმარის სამხედროებსა და არაკანის არმიას შორის მეზობელი ჩინის შტატზეც გავრცელდა. ამის გამო ეთნიკურად ჩინი მოსახლეობა, რომელიც უმეტესწილად ქრისტიანია, იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სოფლები და დროებით მოწყობილი ბანაკებისთვის შეეფარებინა თავი.
რამდენიმეთვიანი მოგზაურობისა და რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ 80-მდე ქრისტიანი დასახლდა იანგონის რეგიონის ჰმაბიში და საკუთარი სოფელი დააფუძნა. მათ 36 წლის კან ლევატი ხელმძღვანელობს. AFP-ს ინფორმაციით, ქრისტიანებმა თავიანთ ახალ სოფელს ბაითალა უწოდეს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ იესო აკურთხებს და ეხმარება გასაჭირში მყოფ ადამიანებს ამ ადგილის მეშვეობით, რომელიც მშვიდობიანი იქნება.“ – უთხრა კან ლევატიმ ახალი ამბების სააგენტოს.
ამჟამად სოფელს ეხმარებიან ქრისტიანული ორგანიზაციები და ჩინის შტატში არსებული ადამიანთა უფლებადამცველი ჯგუფები. ისინი საკვებსა და სხვა აუცილებელ დახმარებას უგზავნიან სოფლის მოსახლეობას. დევნილი ქრისტიანები წყალს, ელექტროენერგიასა და სამშენებლო მასალებს ელოდებიან სახლების ასაშენებლად.
პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო ჩინის შტატიდან დევნილებს უჭირთ სამუშაოს შოვნა. კანმა ასევე იმედი გამოთქვა ახალი ამბების სააგენტოსთან საუბარში, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ზრდასრულები შეძლებენ მუშაობის დაწყებას იმისათვის, რომ სოფელში მცხოვრებ 30-მდე ბავშვს უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეს.
ორგანიზაცია Open Doors-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მიანმარი მე-18 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. ანგარიშში ასევე დაწერილია, რომ მიმდინარე ბრძოლების გამო 100 ათასზე მეტი ქრისტიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. ისინი ბანაკებში ცხოვრობენ ახლა, სადაც არ არის საკვები და არც ჯანმრთელობის დაცვის საშუალებებზე მიუწვდებათ ხელი.