ქრისტიანებს ესროლეს და დაჭრეს იმის გამო, რომ მათ მუსლიმანურ უბანში შეიძინეს სახლი. თავდასხმა 4 ივნისს პეშავარში მოხდა.
ერთი თვის წინ ნედიმ ჯოზეფმა საცხოვრებელი სახლი იყიდა და მაისის ბოლოს გადავიდა კიდეც თავის ოჯახთან ერთად ახალ სახლში. სალმან ხანმა, როგორც კი შეიტყო იმის შესახებ, რომ 50 წლის ჯოზეფი და მისი ოჯახი ქრისტიანები იყვნენ, მოსთხოვა უბნის დაუყოვნებლივ დატოვება, იმ მოტივით, რომ უბანი მუსლიმანურია და ქრისტიანები (იუდეველთა მსგავსად) ისლამის მტრები არიან. რამდენიმე დღის განმავლობაში ხანი და მისი ოჯახის წევრები ავიწროებდნენ და ემუქრებოდნენ ჯოზეფის ოჯახს, ბოლოს კი წაუყენეს ულტიმატუმი, რომ 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ სახლი.
ხანი და მისი ვაჟები იარაღით მივიდნენ ჯოზეფის ოჯახში, რომელმაც პოლიციაში დარეკვა სცადა, რა დროსაც მას მუცელში ესროლეს. თავდამსხმელებმა მხარში დაჭრეს ჯოზეფის სიდედრიც. მეზობლებიდან არავინ დახმარებია ქრისტიანთა ოჯახს. ჯოზეფი და მისი სიდედრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ისინი დღემდე რჩებიან.
საავადმყოფოში მყოფმა ჯოზეფმა პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ. შედეგად, პოლიციამ დააკავა იმ ოჯახის წევრები, რომლებიც თავს დაესხნენ მის ოჯახს. ოჯახის უფროსი სალმან ხანი გაქცეულია და მას ჯერ კიდევ ეძებენ.