აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გუშინ, 6 მაისს, ტელეფონების საშუალებით მოისმინეს საქმე „პენსილვანია კათოლიკური მონაზვნური ორდენის წინააღმდეგ“.
ორდენს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან უარი განაცხადა 2010 წელს გამოცემული კანონის (The Affordable Care Act) შესრულებაზე. ხსენებული კანონი მოითხოვს, რომ დამსაქმებლებმა, რომლებიც დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფენ, ამ დაზღვევაში გაითვალისწინონ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებული ხარჯებიც. ახალი რეგულაცია იძულებულს გახდიდა მონაზვნებს, საკუთარი სინდისისა და მრწამსის წინააღმდეგ მოქცეულიყვნენ და დაეფარათ აბორტის გამომწვევი კონტრაცეპტივების ხარჯები საკუთარი ჯანდაცვის გეგმებში.
2016 წელს მონაზვნებმა მოიგეს დავა აშშ-ის უმაღლეს სასამართლოში და გათავისუფლდნენ ამ კანონის შესრულებისგან. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ზოგიერთი შტატი (მაგალითად, პენსილვანია) ისევ აღძრავს საქმეს უმაღლეს სასამართლოში.
ერთ-ერთმა მოსამართლემ, რუთ ბეიდერ გინზბურგმა, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა მოსმენისას, განაცხადა, რომ ორდენი არ უნდა გათავისუფლდეს კანონით დაწესებული ვალდებულებისგან და მან უნდა უზრუნველყოს ჯანდაცვის დაზღვევის გეგმაში აბორტის გამომწვევი კონტრაცეპტივების ხარჯები დასაქმებული ქალებისათვის.
მოსამართლემ ასევე განუცხადა აშშ-ის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (Solicitor General), ნოელ ფრანცისკოს: „დაუდევრად ეპყრობით იმას, რაც კონგრესმა არსებითად მიიჩნია, ანუ იმას, რომ ქალები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ამ მომსახურებით შეუფერხებლად და უსასყიდლოდ.“
უზენაეს სასამართლოში საქმის მოსმენის შემდეგ ორდენის ერთ-ერთმა უფროსმა ზედამხედველმა, და მარი მაგუაიერმა განაცხადა: „არ შეგვიძლია ამ მოთხოვნის შესაბამისად მოქცევა. ამგვარად ჩვენ დავაკნინებთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული სიცოცხლე ფასეულია. ვერ შევძლებთ, ერთი ხელით მომაკვდავ მოხუცებს ვეხმარებოდეთ, მეორეთი კი დაუბადებელი სიცოცხლის მოსპობას ვუწყობდეთ ხელს.“
„პატარა დების“ ორდენის ადვოკატის, პოლ კლემენტის თქმით, წაგების შემთხვევაში ორდენს ყოველწლიურად 60-70 მლნ. დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, რაც კათოლიკე მონაზვნების მსახურებისა და საქმიანობის შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობა გახდება.