სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს:
„დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან, მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას.“ – წერს საელჩო.
ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორიდან დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა ისროლა, აქედან მინიმუმ 7 – იერუსალიმის მიმართულებით. რაკეტებმა იერუსალიმში განგაშის ხმოვანი სიგნალი ჩართო. რაკეტების უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათის“ სახელით ცნობილმა Iron Dome-მა გაანეიტრალა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ 8 ობიექტი დაბომბა.
უახლესი მონაცემებით, „ჰამასის“ რაკეტებით თავდასხმის შედეგად, დაშავდა ისრაელის 7 მოქალაქე. ისრაელის საპასუხო ცეცხლს კი ღაზის სექტორში 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.