უგანდაში მამამ, რომელიც მუსლიმანი მოძღვარია, ქალიშვილის დაწვა სცადა მისი გაქრისტიანების გამო.
2020 წლის მარტში 24 წლის რეჰემა კუიმუჰენდო მამას გაჰყვა 492 კმ-ით დაშორებულ რეგიონში მამიდასთან. იქ გოგონამ პირველად მოუსმინა ქრისტიანულ რადიოგადაცემას, რამაც მისი ქრისტიანობით დაინტერესება გამოიწვია. გოგონა ჯერ კიდევ მამიდის სახლში იმყოფებოდა, როდესაც თავისი მამის ბიზნესპარტნიორ ქალბატონს დაურეკა, რომლის შესახებაც იცოდა, რომ ის კათოლიკე ქრისტიანი გახლდათ.
„ის ქრისტეს და ხსნის გზასთან დაკავშირებით მესაუბრა, რის შემდეგაც იესო ქრისტე ჩემს უფლად და მხსნელად მივიღე. საუბრისას ისე ვიყავი გახარებული, რომ მამაჩემს გამოეღვიძა, ჩემს საწოლ ოთახში შემოვარდა და წიხლებით და ხელით დამიწყო ცემა.“ ‒ უთხრა გოგონამ „Morning Star News“-ს სატელეფონო საუბრისას.
მამა ყვიროდა, იმუქრებოდა, რომ მოკლავდა თავის შვილს ქრისტიანობაზე მოქცევის გამო. მამიდა ცდილობდა გოგონას დაცვას, თუმცა შეიხმა ჰუსეინმა (გოგონას მამამ) გოგონა გარეთ გაათრია, გატეხა ბენზინის პატარა ავზი, ცეცხლი მოუკიდა ბენზინს და სცადა შვილის დაწვა. გოგონა ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.
წყაროს ცნობით, ქრისტიანი მეზობელი მოვიდა ამ დროს, რომელმაც მოახერხა გოგონას წაყვანა საავადმყოფოში, სადაც მას თვეზე მეტხანს მოუწევს დარჩენა, რადგან საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მიიღო ფეხზე, მუცელზე, კისერთან და ზურგზე.
„გთხოვთ, ილოცოთ კუიმუჰენდოსთვის, რომ მალე გამოჯანმრთელდეს.“ ‒ ამბობს წყარო.
გოგონას და ქრისტიან მეზობელს პოლიციისათვის არ შეუტყობინებიათ მომხდარის შესახებ, რადგან ეშინიათ, რომ მამა კიდევ ეცდება მის მოკვლას.
„Morning Star News“-ის მიხედვით, ეს მცდელობა ერთ-ერთი მაგალითია ქრისტიანთა მიმართ დევნის შემთხვევებიდან.
უგანდის კონსტიტუციით, ქვეყანაში დაშვებულია რელიგიის თავისუფლება, მათ შორის საკუთარი რწმენის შესახებ ქადაგება და ერთი რწმენიდან მეორეზე მოქცევა. მუსლიმანები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს შეადგენენ. ისინი, ძირითადად, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.