მახარებელი ფრანკლინ გრემი 14-დღიან სამახარებლო ტურნეს ატარებს, სახელწოდებით „ღმერთს უყვარხარ“. ის ამერიკის 8 სხვადასხვა ქალაქში იქადაგებს კეთილ უწყებას ქრისტეს შესახებ. ტურნე 19 სექტემბერს დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ფრანკლინ გრემმა თავისი სამახარებლო ტურნე 8,700 ადამიანის წინაშე ქადაგებით დაიწყო ილინოისის შტატში, ქალაქ ჯოლიეტში. ქადაგებისას გრემმა ყურადღება გაამახვილა ღვთის სიყვარულზე და მსმენელებს შეახსენა:
„უამრავი ადამიანი შეშინებულია, ბევრმა არ იცის, რა მოიმოქმედოს. მართალია, პანდემიამ მსოფლიო შეცვალა, თუმცა მე აქ იმისთვის ვარ, რომ გითხრათ: ღმერთს თქვენ უყვარხართ.“
შეგახსენებთ, რომ ფრანკლინ გრემი მსოფლიოში ცნობილი მქადაგებელი და ასევე, ორგანიზაცია „სამარიტელის ქისისა“ და „ბილი გრემის ევანგელური ასოციაციის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ფრანკლინ გრემი დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირი გახლდათ და მისი პრეზიდენტობის დროს ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა“ კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად იყო ჩაბმული არა მარტო ამერიკის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში. ის ხსნიდა საველე საავადმყოფოებს იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობდა და ინვენტარით ამარაგებდა მათ.