კორონავირუსის პანდემიის დროს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სუდანში მცხოვრები ქრისტიანები არჩევანის წინაშე დგანან: შეინარჩუნონ რწმენა თუ დაუბრუნდნენ თავდაპირველ სარწმუნოებას დახმარების მიღების სანაცვლოდ.
იან ვერმირმა, ორგანიზაციის Open Doors International კომუნიკაციების დირექტორმა აზიაში, Premiere News-ს განუცხადა, რომ ორგანიზაციას უამრავმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ქრისტიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ საკვებს, თუ ისინი საკუთარ რწმენას განუდგებიან და თავდაპირველ სარწმუნოებას დაუბრუნდებიან. ზოგი დაუბრუნდა ისლამს, ზოგმა კი თვითმკვლელობა სცადა“.
ორგანიზაცია Open Doors-ის განცხადებით, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბანგლადეში, ინდოეთი, სუდანი და მალაიზია, ქრისტიანებისგან მოითხოვენ საკუთარი რწმენის უარყოფას დახმარების მიღების სანაცვლოდ.
ხუცესი სემი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ორგანიზაცია Open Doors-ის მუშაობას უწევს კოორდინაციას, ამბობს, რომ ბანგლადეშის სოფლებში ქრისტიანები არ იღებენ დახმარებას, განსაკუთრებით ის ქრისტიანები, რომლებიც ისლამიდან ან ბუდიზმიდან არიან მოქცეულნი ქრისტიანობაზე. მისივე თქმით, ორგანიზაციის დახმარების გარეშე ბევრი ქრისტიანი უბრალოდ შიმშილით მოკვდებოდა, ან იფიქრებდა, რომ იესო ქრისტეს კვალდაკვალ სვლა მეტისმეტად რთულია.
„ბევრ ახალმოქცეულს სუსტი რწმენა აქვს და მათ უფალში განმტკიცება ესაჭიროებათ“, თქვა ხუცესმა სემმა.
სუდანშიც ამავე პრობლემის წინაშე დგანან ქრისტიანები. ერთ-ერთი ადგილობრივი ხუცესის თქმით, ქრისტიანები არავითარ დახმარებას არ იღებენ არც საკუთარი ოჯახის წევრებისგან, არც ტომისა თუ საზოგადოებისაგან.
აღმოსავლეთ მალაიზიაში ქრისტიანი სტუდენტების ჯგუფს ადგილობრივ მეჩეთში უთხრეს, რომ ისევ ისლამს უნდა დაბრუნებოდნენ, თუ სურდათ საკვები პროდუქტების მიღება.
Open Doors-ის მიერ მიხედვით, ივნისში, ვიეტნამის მთავრობამ საკვების მიცემაზე უარი განუცხადა ასზე მეტ ქრისტიანს, რომელთა შორის ბავშვები და მოხუცებიც იყვნენ. „თქვენ ქრისტიანები ხართ და თქვენმა ღმერთმა უნდა იზრუნოს თქვენს ოჯახებზე“, განუცხადეს ვიეტნამის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 18 ოჯახს, რომელთა წევრთა რიცხვი სულ 107 ადამიანისგან შედგება.
მსგავსი ვითარებაა ინდოეთშიც. ჯონ პრაბჰუდოსმა, ინდურ-ამერიკული ქრისტიანული ორგანიზაციების ფედერაციის (Federation of Indian American Christian Organizations) თავმჯდომარემ, განუცხადა საინფორმაციო პორტალს The Christian Post, რომ ორგანიზაციას რამდენიმე წყარომ შეატყობინა იმასთან დაკავშირებით, რომ რელიგიური უმცირესობანი იჩაგრებიან პანდემიისას, რაც, პრაბჰუდოსისავე თქმით, ინდოეთის ინდუისტური ნაციონალისტური მთავრობის არასწორ მიდგომათა შედეგია.