შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში გასულ კვირას მომხდარი ძალადობის შემდეგ, ცნობილი ქრისტიანი რეპერი ლეკრაე და პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთი მთავარი მრჩეველი რწმენის საკითხებში მსგავს გზავნილს იზიარებს: „შენი რწმენა დაამყარე ღმერთზე და არა პოლიტიკაზე“.
გრემის პრემიის ლაურეატი ლეკრაე მიიჩნევს, რომ ამერიკაში „სულიერი ომი“ მიმდინარეობს და რომ ხალხი შეცდომაში შეჰყავთ იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში ვინ მართავს მათ ცხოვრებას.
იმავე დღეს, როდესაც აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში აჯანყებულთა ძალადობრივი ჯგუფი შეიჭრა, რეპერმა განაცხადა: „ორი სამეფო იბრძვის ომში: ადამიანთა იმპერიები და ღვთის სამეფო. რომელ მათგანს აქვს ნამდვილი ძალაუფლება? რომელს მიჰყავს ხალხი ნამდვილი თავისუფლებისკენ? მჯერა, ღმერთი გვიბიძგებს, რომ არ გავაკერპოთ იმპერია, ან ის ‘თავისუფლება’, რომელსაც ეს იმპერია უზრუნველყოფს. ეშმაკს აქვს შეთქმულება, მაგრამ ღმერთს აქვს გეგმა. ერის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როდესაც ერზე ამყარებ იმედს, აღმოჩნდები კერპის წინაშე, რომელიც ვერასდროს გაამართლებს შენს ყველა მოლოდინს. თქვენ ასე ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდებით.
ღვთის სამეფოს ეყოლება მეფე, რომელიც ჭეშმარიტად და სამართლიანად განაგებს ამ სამეფოს, ამქვეყნიური იმპერია კი გაქრება. ვფიქრობ, რომ ახლა ბევრი ადამიანი ამქვეყნიურ იმპერიაშია მოქცეული. არ ვამბობ იმას, რომ ქრისტიანები პოლიტიკაში არ ჩავერთოთ, ან არ ავიღოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. არა, უბრალოდ, ის განზრახვა უნდა გვამოძრავებდეს, რომ სადაც წავალთ, ყველგან ღვთის სამეფო წარმოვაჩინოთ.“
სხვა ამერიკელმა ქრისტიანებმაც გამოხატეს შეშფოთება კაპიტოლიუმის ძალადობრივი მოვლენებისა და ამერიკელი პოლიტიკოსების გაკერპებასთან დაკავშირებით.
ტრამპის მრჩეველმა რწმენის საკითხებში – სამუელ როდრიგესმა – ისაუბრა მონანიების საჭიროებაზე, რომ მონანიება ამერიკელი ერის განკურნების გზაა.
„ჩვენ ყველამ უნდა მოვინანიოთ, ეკლესიასაც სჭირდება მონანიება. ამერიკელი ერი განიკურნება, როდესაც ეკლესია მოინანიებს. მოსანანიებელი კი ის გახლავთ, რომ დღეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც აშშ-ის თეთრ სახლს მართავს და არა ის, ვისაც ჩვენი გულები უპყრია. ჩვენ უნდა მოვინანიოთ, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკოსებს ნება მივეცით, გაეყოთ ის, რისთვისაც იესო ქრისტე მოკვდა ჯვარზე. ჩვენ უნდა მოვინანიოთ, რომ ხმა მივეცით იმ პოლიტიკოსებს, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას და ცოცხალი ღვთის სულს.“ – თქვა როდრიგესმა.