აშშ-ს რამდენიმე შტატს, მათ შორის კენტუკის, გასული შაბათ-კვირის განმავლობაში რამდენიმე ტორნადომ გადაუარა. სტიქია აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ დასავლეთ ნაწილის რვა შტატს შეეხო და რამდენიმე ქალაქი მიწასთან გაასწორა.
კენტუკიში მცხოვრები მამაკაცის მეუღლე იხსენებს იხსენებს მძიმე წუთებს, როდესაც ქარიშხლის მიერ დანგრეული ქარხნის ნანგრევებში მოყოლილ ქმარს ამხნევებდა და მასთან ერთად ლოცულობდა.
38 წლის კორტნი სექსტონის ქმარმა, მარკმა შეშინებულმა დაურეკა მეუღლეს პარასკევს საღამოს. ის მეიფილდის სამომხმარებლო პროდუქტების ქარხნის ნანგრევებში იყო მოყოლილი.
„დაგვირეკა და ყვირილითა და ტირილით გველაპარაკებოდა. ძალიან შემეშინდა, რადგან ვფიქრობდი, გაუძლებდა თუ არა ამას ჩემი ქმარი. ვურეკავდი და მასთან ერთად ვლოცულობდი. ვეუბნებოდი: ‘ღმერთი დაგიხსნის, ძალა მოიკრიბე, არ დანებდე, განაგრძე ბრძოლა‘.“ – იხსენებს კორტნი.
მარკ სექსტონი მართლაც გადარჩა. ის ნანგრევებიდან უმნიშვნელო დაზიანებებით გამოიყვანეს, თუმცა ბიძაშვილი დაკარგა ქარხნის ნგრევისას. მოგვიანებით მარკმა NBC News-ს უთხრა, რომ არ ეგონა, თუ გადარჩებოდა, განსაკუთრებით იმის დანახვისას, თუ რა მოუვიდათ გარშემო მყოფებს.
„ყველა გარბოდა. მე ძირს დავწექი და მოვიკუნტე. ბეტონის ფილა ჩამოვარდა ზემოდან“, თქვა მარკმა. იმავდროულად, მარკის მეუღლე, კორტნი თავის ხუთ შვილთან ერთად აბაზანაში იჯდა მოკუნტული, როცა ქარიშხალმა მათ სახლს სახურავი გადახადა.
„ბავშვები საშინლად შეშინებულნები იყვნენ. ყვიროდნენ, ტიროდნენ. ვამშვიდებდი და განუწყვეტლივ ვლოცულობდი. ვიცოდი, რომ ღმერთი დაგვიხსნიდა“, ამბობს კორტნი.
შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ტორნადო იყო მათგან, რომლებმაც გასული შაბათ-კვირის განმავლობაში რვა შტატს გადაუარა. კენტუკიში, სულ მცირე, ასი ადამიანი ითვლება დაღუპულად.