კოვიდ-19-ით დაავადებულ ადამიანებს ჩრდილოეთ კორეაში საგანგებოდ მოწყობილ „საკარანტინო ბანაკებში“ გზავნიან, სადაც ისინი არა მხოლოდ ვირუსით, არამედ შიმშილითაც იხოცებიან.
ტიმ პიტერსი, ქრისტიანი აქტივისტი, რომელიც სეულში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Helping Hands Korea-ს უდგას სათავეში, აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ „საკარანტინო ბანაკები“ ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში მოაწყო. მისივე თქმით, ბანაკებში მყოფ ადამიანებს სამედიცინო მომსახურებას არავინ უწევს და გარდა ამისა, ისინი ხშირ შემთხვევაში, შიმშილითაც იხოცებიან.
ტიმ პიტერსმა ინტერნეტგაზეთ The South China Morning Post-თან საუბარში თქვა: „ბანაკებში მყოფთა ოჯახის წევრები მიდიან ბანაკებთან და მიაქვთ საკვები და ის მცირე მედიკამენტები, რომელთა შოვნასაც ახერხებენ. ჩემი წყაროების ცნობით, ამ ბანაკებში მყოფი ბევრი ადამიანი უკვე გარდაიცვალა არა მხოლოდ პანდემიით, არამედ შიმშილით და მასთან დაკავშირებულ მიზეზთა გამო.“
პიტერსი, რომლის არასამთავრობო ორგანიზაციაც სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას აწვდის ჩრდილოეთ კორეას, ამბობს, რომ პანდემიის გავრცელების მხრივ, ქვეყანაში „დიდად სავალალო“ მდგომარეობაა.
ხუცესი დევიდ ლი ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულებთან მუშაობს. მათ ნათქვამზე დაყრდნობით, ის აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვირუსის სიმპტომების მქონე ადამიანებს აიძულებენ, „სახლში გამოიკეტონ საკვებისა და ყოველგვარი დახმარების გარეშე და დაიხოცონ.“ მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას თითქმის არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თვალი ადევნოს ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას, რომელიც „დაავადება-მოჩვენების“ სახელით არის ცნობილი ხალხში.
ადამიანის უფლებადამცველმა კიდევ ერთმა აქტივისტმა, რომელმაც ანონიმურობა ამჯობინა, The South China Morning Post-ს უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ბრძანებით, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა სხეულები დაწვეს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ კორეა აცხადებდა, რომ იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის იყო, სადაც კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ფაქტებისა და მძიმე ბრალდებათა მიუხედავად, კიმ ჩენ ინის რეჟიმი მტკიცედ უარყოფს ადამიანის უფლებათა რაიმე სახის დარღვევას კორეის ტერიტორიაზე.