9 ნოემბერს პოლ ვოშერის მისიონერულმა ორგანიზაციამ HeartCry Missionary Society მიანმარიდან გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა და მორწმუნეებს აღნიშნული ქვეყნისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
„ჩვენს პატარა ეკლესიაში 24 ახალგაზრდა სისტემატურად იკრიბებოდა. აგვისტოში ჯარისკაცებმა დაიწყეს ახალგაზრდების დაპატიმრება, ამიტომაც მათ ქალაქის დატოვება დაიწყეს. სექტემბრის პირველ კვირას, როცა ეკლესიაში ახალგაზრდების შეკრებას ვატარებდით, ჯარისკაცები მოვიდნენ ჩვენს დასაპატიმრებლად. კარი გადავკეტეთ და ფანჯრებიდან გაქცევა შევძელით. იმ ღამეს ჯარისკაცები ახალგაზრდებს ყველგან ეძებდნენ, ამიტომ ცოლ-შვილი სახლში დავტოვე და ტყეში გავიქეცი მათ დასახმარებლად.
ძლიერი წვიმა იყო, მთელი ღამე ღია ცის ქვეშ ვიყავით. ხალხი სხვადასხვა მიმართულებით გარბოდა; ჩვენს ჯგუფში 38 ადამიანი იყო. სამი დღე საჭმლის გარეშე გავატარეთ. საბედნიეროდ, ნაკადული ვიპოვეთ და წყალი დავლიეთ. სამი დღის შემდეგ პატარა სოფელს მივადექით, სადაც რიგითმა მოქალაქეებმა შეგვიფარეს და დაგვაპურეს.
ჯარისკაცები კვლავ განაგრძობდნენ ხალხის დაპატიმრებას და ხოცვას. ახალგაზრდების უმეტესობამ ინდოეთში გადასვლა შეძლო. სხვებთან ერთად, სამი კვირის შემდეგ შევძელი ტყის გავლით სახლში ფარულად დაბრუნება. როცა ქალაქს მივუახლოვდით, ტერორისტებმა, რომლებიც ჩასაფრებულები იყვნენ, ცეცხლი გახსნეს. ორი მეგობარი ჩვენ თვალწინ დახვრიტეს. გაქცევა შევძელი და კიდევ ოთხი დღე გავატარე ღია ცის ქვეშ, შემდეგ კი უახლოეს სოფელს შევაფარე თავი. რამდენიმე თვის შემდეგ, ჯუნგლების გავლით, კვლავ ვცადე ოჯახთან დაბრუნება. ახლა მათთან ერთად ვარ. ქალაქი თითქმის დაცლილია. არ არის ინტერნეტი და ტელეფონი. ქალაქში ყველგან ჯარისკაცები არიან. არც მაღაზია, არც ბაზარი. სახლში არსებულ საკვებ პროდუქტს მაქსიმალურად ვიზოგავთ. განუწყვეტლივ ილოცეთ ჩვენთვის.
პატივისცემით, თომა.“
შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა შინაპატიმრობაში მოაქციეს ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი და პრეზიდენტი ვინ მინი. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ერთი წლის ვადით მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ზოგიერთ მსხვილ ქალაქში კი, დამატებით, კომენდანტის საათია დაწესებული. სამხედრო მმართველობამ გაათავისუფლა გაეროში მიანმარის ელჩი.
სამხედრო რეჟიმი (ხუნტა) მიანმარს 1962 წლიდან 2011 წლამდე მართავდა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ძალაუფლება დათმო და ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო. თუმცა, როცა გასული წლის არჩევნებზე აუნ სან სუ ჩის პარტიამ კვლავ უმრავლესობა მოიპოვა, სამხედროებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და გადატრიალება მოაწყვეს.