მაკკორმიკების ოჯახი გაოცებული დარჩა, როცა საშობაო ნაძვის ხეში პატარა და საყვარელი კოალა აღმოაჩინა. ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ რაღაც რიგზე არ დახვდათ ოთხშაბათს საღამოს სახლში დაბრუნებისას. ნაძვის ხის კარგად დათვალიერების შემდეგ კი ნახეს, რომ კოალა მოკალათებულიყო ხელოვნური ნაძვის ხის ტოტებს შორის და წიწვების შეჭმას ცდილობდა.
„ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო და რომ ჩემმა ერთ-ერთმა შვილმა მოათავსა სათამაშო კოალა ხის ტოტებში, მაგრამ არა, ეს ცოცხალი, ნამდვილი კოალა ყოფილა. ხეებზე ისინი ადრეც გვინახავს, მაგრამ არა საშობაო ნაძვის ხეზე. ალბათ, მაშინ შემოვიდა, როცა სახლის კარი ღია იყო.“ – თქვა ამანდა მაკკორმიკმა.
ოჯახმა „ადელაიდისა და ჰილზის კოალების გადარჩენის“ ორგანიზაციას დაურეკა და დახმარება სთხოვა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა, დი ჰერნ-ჰელონმა, თავდაპირველად არ დაიჯერა მომხდარი და ეს ხუმრობად მიიჩნია.
სანამ ორგანიზაციის თანამშრომლები კოალას ველურ ბუნებაში დააბრუნებდნენ, ოჯახმა მას სიყვარულით სახელიც კი დაარქვა − დაფნე.
„ეს დიდად დასამახსოვრებელი შემთხვევა იყო. ასეთი ცუდი წლის ბოლოს სასიამოვნო იყო ასეთი რამის გაგება.“ – თქვა დი ჰერნ-ჰელონმა.