„არქეოლოგიურ მახარებლად“ წოდებული ჰერშელ შენკსი, ჟურნალ „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვის“ დამაარსებელი და რედაქტორი, გასულ პარასკევს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შენკსს არ ჰქონდა არც სამეცნიერო ხარისხი არქეოლოგიაში, არც ბიბლიური განათლება და არც ცოდნა უძველეს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით, მან მაინც შეძლო სამეცნიერო ჟურნალის დაარსება. ეს იყო 1975 წელს, როდესაც სხვა მსგავსი და თანაც ავტორიტეტული გამოცემა არ არსებობდა.
ერიკ კლეინი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, წერდა, რომ შენკსს „ჟურნალისტის თვალი“ ჰქონდა და ამჩნევდა „აკადემიურ სფეროში დამალულ თვითნაბადი ოქროს ნატეხებს“.
პენსილვანიაში არსებული ლაიკომინგის კოლეჯის არქეოლოგიის პროფესორის ჯ. დევერის თქმით, შენკსი ჟურნალს იყენებდა იმისათვის, რომ მკვლევრებში გამოეწვია ბიბლიის მონათხრობის ნამდვილობის დამადასტურებელი წყაროების შესწავლის და გამოქვეყნების სურვილი.
ჰერშელი ჟურნალის მეშვეობით აცნობდა საზოგადოებას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ (მაგალითად, მკვდარი ზღვის გრაგნილების გამოქვეყნების აუცილებლობასთან დაკავშირებით) და საზოგადოებრივი ინტერესის გამოყენებით ცდილობდა, გავლენა მოეხდინა სწავლულებზე, რაც ამართლებდა კიდეც.
ახალი აღთქმისა და ასევე, იუდაისტიკის პროფესორის, ემი ჯილ ლევინის აზრით, ჰერშელ შენკსი „არქეოლოგიური მახარებელი“ იყო, რომელიც ცდილობდა, გამოესწორებინა მცდარი შეხედულებები ებრაელთა ცხოვრების შესახებ. ლევინი წერდა:
„ჰერშელ შენკსმა ახალი აღთქმა გააცნო ებრაელებს და შეასწორა უამრავი, მცდარი ანტიებრაული სწავლება, რომელიც გამომდინარეობდა ბიბლიის არასწორი შესწავლიდან. მისი საქმე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალო გასართობი ან თუნდაც საგანმანათლებლო საქმიანობა. მან იუდეველებსა და ქრისტიანებს მისცა შესაძლებლობა იმისა, რომ ვცნოთ ერთმანეთის საერთო ისტორია და ერთობლივად ვიმოქმედოთ ერთმანეთისადმი მიმართულ ცრუ მოწმობათა წინააღმდეგ.“