აშშ-ის ევანგელისტი ხუცესი და ერთ-ერთი სულიერი ლიდერი, ფრანკლინ გრემი სასულიერო პირებს და რიგით ქრისტიანებს მოუწოდებს, აიცრან COVID-19-ის ვაქცინით.
„ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რომელსაც თქვენი გადარჩენა შეუძლია, მაგრამ თუ უარს იტყვით მასზე, შესაძლოა გვიანი იყოს გადარჩენისთვის ბრძოლა. მამაჩემი, ბილი გრემი რომ ცოცხალი ყოფილიყო, იმავეს გეტყოდათ. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია პირადი არჩევანია, მოგიწოდებთ, ილოცოთ ამ საკითხზე და გამოიკვლიოთ ის.“ – ამბობს ის ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში.
გრემმა ბევრი ევანგელისტის კრიტიკა დაიმსახურა, როდესაც საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ განაცხადა, რომ აცრა გაიკეთა.
გრემმა სასულიერო პირებს მოუწოდა, რომ დალაპარაკებოდნენ თავიანთ მრევლს ვაქცინის შესახებ:
„ჩვენ ეკლესიის წინამძღოლები ვართ და პასუხისმგებლობა გვაქვს მრევლზე, იმაზე, რომ ვუთხრათ მათ სიმართლე. სიმართლე კი ისაა, რომ ვაქცინაცია სიცოცხლეს იცავს, მედიცინა სიცოცხლის მომხრეა და რა თქმა უნდა, მე, როგორც ქრისტიანი, ვარ სიცოცხლის დაცვის მხარეს.“
შეგახსენებთ, რომ ფრანკლინ გრემი ასევე გახლავთ ორგანიზაცია „სამარიტელის ქისისა“ და „ბილი გრემის ევანგელური ასოციაციის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ფრანკლინ გრემი დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირი გახლდათ და მისი პრეზიდენტობის დროს ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა“ Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად იყო ჩაბმული არა მარტო ამერიკის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში. ის ხსნიდა საველე საავადმყოფოებს იქ, სადაც საჭიროება იყო და ამარაგებდა ინვენტარით საავადმყოფოებს. გრემის თქმით, თუ ბაიდენი მიმართავს მას დახმარებისთვის, ის მზადაა, კვლავ დაეხმაროს სახელმწიფოს, მათ შორის ვაქცინაციის წარმართვაშიც.