ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ მიიღო ქრისტიანი მშობლების მიერ ნორვეგიის სოციალური სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ბავშვების წართმევის თაობაზე.
საქმე ისაა, რომ 2015 წელს ნორვეგიის ბავშვთა დაცვის სოციალურმა სამსახურმა Barnevernet-მა ბოდნარიუების ოჯახიდან 5 შვილი წამოიყვანა და სახელმწიფო მზრუნველობის სამსახურს გადასცა.
სოციალური სამსახურის აგენტები ამტკიცებდნენ, რომ ბავშვების მშობლები, მარიუსი და რუთ ბოდნარიუები ფიზიკურად სჯიდნენ ბავშვებს, რაც მკაცრად აკრძალულია ნორვეგიაში. ისინი ასევე მიიჩნევდნენ, რომ ოჯახის ქრისტიანულ შეხედულებებს შეეძლო, ხელი შეეშალა ბავშვების განვითარებისთვის.
რუთმა და მარიუსმა ნორვეგიის მთავრობას უჩივლეს და ამტკიცებდნენ, რომ Barnevernet-ის ჩარევა განპირობებული იყო სოციალური სამსახურის წინასწარ აკვიატებული ცრუ მოსაზრებით ოჯახის რწმენის მიმართ. ისინი ასევე ადანაშაულებდნენ მთავრობას იმაში, რომ ოჯახიდან ბავშვების წაყვანამდე მათ სათანადოდ არ გამოიკვლიეს საქმე.
სასამართლო დავის შემდეგ 2016 წელს, მარიუსსა და რუთს დაუბრუნეს ბავშვები, რის შემდეგაც ისინი რუმინეთში, მარიუსის სამშობლოში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ცოტა ხნის წინ კი მარიუს და რუთ ბოდნარიუებმა დიდ ბრიტანეთში ქრისტიანული სამართლებრივი ცენტრის (CLC) მხარდაჭერით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ნორვეგიის ბავშვთა დაცვის სოციალური სამსახურის, Barnevernet-ის ქმედებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც იცავს პირადი ოჯახური ცხოვრების უფლებას და მე-9 მუხლს, რომელიც ეხება ოჯახის რწმენის თავისუფლების საკითხს.
ევროპულმა სასამართლომ სარჩელის მიუღებლობის მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ ოჯახს მთავრობის ქმედებების გასაჩივრება ჯერ ნორვეგიაში შეეძლო, ვიდრე საქმეს ევროპულ სასამართლოს გადასცემდნენ.
მარიუსი და რუთი აცხადებენ, რომ ნორვეგიაში დაბრუნებაზე ვერც კი იფიქრებენ, რადგან იქ ნებისმიერ დროს შესაძლოა გაჩნდეს ბავშვების წართმევის რისკი. გარდა ამისა, ისინი ვერ ენდობიან იმ სისტემას, რომელმაც ესოდენ უგულებელყო მათი უფლებები.
„მიუხედავად იმისა, რაც ჩვენს ოჯახს გადახდა თავს, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი კეთილია და მადლიერნი ვართ ჩვენი მშვენიერი ოჯახისთვის, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მოხდა. მსოფლიო ყურადღებამ, რომელიც ამ შემთხვევამ მიიპყრო, ნათელი მოჰფინა ბავშვთა დაცვის სოციალურ სამსახურებს ნორვეგიაში. ვლოცულობ, რომ არცერთ ოჯახს ნორვეგიაში აღარასოდეს არ მოუწიოს იმავეს გადატანა, რაც ჩვენ მოგვიწია.“ – განაცხადა მარიუსმა.