3 აპრილს, ბუჩას გათავისუფლების შემდეგ, კიევის სლავური ევანგელური სემინარიის დეკანი ვიტალი ვინოგრადოვი რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ მოკლული ნახეს იაბლუნსკის ქუჩაზე. მასთან ერთად მოკლული იპოვეს ასევე ერთ-ერთი ევანგელური ეკლესიის წევრი ოლეგ გრიშენკო. მათი ცხედრები ქუჩაში, გზის პირას, დაახლოებით, ერთი თვე ეყარა.
ვიტალი ცხოვრობდა ქალაქ ბუჩაში გოსტომელთან ახლოს (კიევის ოლქი), სადაც სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის. იგი ადამიანებს საკვებით ეხმარებოდა ამ რთულ დროს.
ორგანიზაციამ „Всі разом!“ („ყველამ ერთად!“), რომლის საბჭოს ერთ-ერთი წევრიც გახლდათ ვიტალი, ჯერ კიდევ 11 მარტს განაცხადა მისი გაუჩინარების შესახებ.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, პარასკევს, 4 მარტს, ვიტალი ტელეფონით დაუკავშირდა ორგანიზაციის ხელმძღვანელს და შეატყობინა, რომ მომდევნო დღეს აპირებდა სახლიდან გასვლას, რათა როგორღაც მოეხერხებინა კიევამდე ჩასვლა საკვების ასაღებად.
„ჩვენს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, 5 მარტს ის გავიდა სახლიდან კიევში ჩასვლის მიზნით. ამის შემდეგ მასთან კავშირი დაიკარგა.“ – წერია განცხადებაში.
„ერთი თვის წინ ვიტალის რუსმა ნაძირალებმა ესროლეს. მისი ცხედარი ამ დრომდე ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ეგდო, თუმცა გვჯერა, რომ ვიტალი ნამდვილად ცოცხალია. ის ახლა სახლშია, სამოთხეში, სამყაროს შემოქმედთან და მკვდრეთით აღმდგარ უფალ იესოსთან ერთად, რომლისაც მას სწამდა და რომელსაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა.“ – ამბობს ვიტალის მეგობარი რომან ეგოროვი.