უკვე 9 თვეა, მსოფლიო პანდემიის პირობებში ცხოვრობს. ახალი წესები, შეზღუდვები და რეგულაციები თითქმის ყველა ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა. მსოფლიო პირველად შეხვდება შობას გამკაცრებული რეგულაციებით. კორონავირუსის პანდემიის პირობებში: არ იქნება ხალხმრავლობა, საშობაო ბაზრები, ხალხმრავალი ღონისძიებები და სხვადასხვა ფესტივალი, არ იქნებიან ტურისტები. ევროპის ქვეყნები ახალი წლის შესახვედრად განსხვავებულად ემზადებიან. BBC-ს ცნობით, შობის მოახლოებასთან ერთად, მთავრობებს უჭირთ გადაწყვიტონ, მოხსნან თუ გაამკაცრონ დაწესებული შეზღუდვები. თუმცა ამ მომენტისთვის ევროპაში მდგომარეობა ასეთია:
იტალია
„წელს უფრო ‘ფხიზელი’ შობა იქნება, შეკრებების, კოცნის და ჩახუტების გარეშე, თუმცა თოვლის ბაბუა აუცილებლად მოვა, მასზე გადაადგილების შეზღუდვები არ მოქმედებს.“ – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ.
იტალიაში არ იგეგმება შეკრებების ოფიციალური შეზღუდვა, თუმცა მთავრობა ხალხს შეკრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. აიკრძალა ეროვნული ტრადიციული საშობაო ბაზრობა, ასევე არ ჩატარდება შობის ღამის ცერემონია ეკლესიაში, თუმცა თავად ეკლესიები ღია იქნება.
ამ მომენტისთვის იტალიის მრავალი რეგიონი ნაწილობრივ ჩაკეტილია და მათ შორის მოგზაურობა შეზღუდულია, თუმცა საშობაოდ მოსალოდნელია საგანგებო დეკრეტით რეგულაციების შემსუბუქება.
ბევრი ევროპელი შობისა და ახალი წლის დღეებში სათხილამურო კურორტებს სტუმრობს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, მოსახლეობას ამ ტრადიციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ეს ნიშნავს, რომ ალპებსა და დოლომიტებში პოპულარული სათხილამურო კურორტები, სავარაუდოდ, მილიარდობით ევროს დაკარგავს, რომელსაც სადღესასწაულო დღეებში იღებდა.
კონტე ევროპულ ქვეყნებს შორის სათხილამურო კურორტების დახურვის შესახებ კონსენსუსის მიღწევას ცდილობდა და მიაღწია კიდეც. იტალიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ შობისთვის საბაგიროების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ავსტრია
ავსტრიის ტურიზმის ოფიციალური წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მათ შეუძლიათ, დღესასწაულზე დაიცვან უსაფრთხოება 7 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ისინი არ ეთანხმებიან იტალიის გეგმას და შვეიცარიაში სათხილამურო კურორტები უკვე გახსნილია.
ავსტრიის მთავრობამ შვიდი მილიონი ანტიგენის ტესტი შეუკვეთა, დაგეგმილია მასობრივი ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ავსტრია უკვე მეორედ გამოცხადებული მკაცრი იზოლაციის პირობებში იმყოფება 7 დეკემბრამდე, მაგრამ არსებობს იმედი, რომ საშობაოდ დროებით შემსუბუქდება რეგულაციები. „შემდეგი ორი კვირა კრიტიკულია.“ – განუცხადა გაზეთ Kronen Zeitung-ს ჯანდაცვის მინისტრმა რუდოლფ ანშობერმა.
„რამდენიმეწუთიანმა ტესტმა, შესაძლოა, ქვეყანაში მკაცრი იზოლაციის რამდენიმე კვირა აგვარიდოს. იქნება თუ არა რეგულაციები შობისა და ახალი წლის ღამეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ადამიანს აღმოაჩნდება ვირუსი.“ – თქვა ავსტრიის კონსულმა სებასტიან კურზმა.
საფრანგეთი
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, საყოველთაო იზოლაციის შემდეგ, შეზღუდვების შესუსტება 28 ნოემბრიდან დაიწყება. მაგრამ იზოლაციის ზომების უმეტესობა ძალაში 15 დეკემბრამდე დარჩება.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ოქტომბრის ბოლოდან მეორე საყოველთაო კარანტინის ქვეშ იმყოფება, თუმცა კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს შობისა და ახალი წლის ღამეს. მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები შობისთვის გაიხსნება და საკურორტო სეზონზე ადამიანები შეძლებენ თავიანთი ოჯახების მონახულებას.
„ჩვენ შევძლებთ ნებართვის გარეშე მოგზაურობას, მათ შორის რეგიონებს შორის.“ – აღნიშნა მაკრონიმ სატელევიზიო მიმართვაში.
რესტორნები და სკოლები მინიმუმ 20 იანვრამდე არ გაიხსნება. ბარები, კაფეები და ღამის კლუბები კი გაურკვეველი დროით დაკეტილი რჩება.
რელიგიური რიტუალები დაშვებულია 28 ნოემბრიდან, რომელზე დასწრებაც მხოლოდ 30-მდე ადამიანს შეეძლება.
გერმანია
1-ლი დეკემბრიდან გერმანიაში მხოლოდ ორი ოჯახისა და მაქსიმუმ ხუთი ადამიანის შეკრება იქნება დაშვებული. შეზღუდვა 14 წლამდე ბავშვებზე არ გავრცელდება. აღნიშნული წესი, შესაძლოა, 23 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე შესუსტდეს და 10-მდე ადამიანის შეხვედრა დაიშვას.
ქვეყანაში ბარები, რესტორნები და გასართობი ადგილები დაკეტილია, მაგრამ სკოლები და მაღაზიები ღიაა. სავარაუდოდ, ასე იქნება სადღესასწაულო პერიოდშიც.
რაც შეეხება კონკრეტულად ახალ წელს, შეზღუდულია სადღესასწაულო ფეიერვერკის მოწყობა.
ესპანეთი
ესპანეთის მთავრობა გეგმავს, საახალწლო პერიოდის აღნიშვნისას მოქალაქეების შეკრების შეზღუდვა 6 ადამიანით განსაზღვროს. ის რეკომენდაციას იძლევა, რომ საშობაო პერიოდში საზოგადოებრივი ღონისძიებები გარე სივრცეებში ჩატარდეს.
ესპანეთის მოსახლეობა 5 იანვრის საღამოს, ტრადიციულად, სამი მეფის დღესასწაულს აღლუმით აღნიშნავს და მთავრობა მისი ჩატარების რეკომენდაციას არ გასცემს.
ოფიციალური პირები მთავრობას სთხოვენ, დამტკიცდეს მასობრივი ტესტირების პროგრამა აფთიაქებში შობის წინა დღეს, რათა ხალხმა სადღესასწაულო პერიოდში უსაფრთხოდ შეძლოს შეკრება.