უკრაინის ეკლესიათა ხელმძღვანელები და უკრაინის რელიგიური ორგანიზაციები ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
ეს განცხადება უკრაინის ეკლესიათა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს 2022 წლის 23 თებერვალს გაუგზავნა:
„მივმართავთ ბატონ ვლადიმერ პუტინს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს:
ბატონო პრეზიდენტო!
ჩვენ, რელიგიური კონფესიების ლიდერები, წარმოვადგენთ უკრაინის რელიგიათა საბჭოს, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა დენომინაციისა და რელიგიის 16 ასოციაცია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს რელიგიურ საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში: მართლმადიდებლებს, კათოლიკეებს, პროტესტანტებს, იუდეველებს და მუსლიმანებს, მოგმართავთ თხოვნით უფლის, ჩვენი მეფის სახელით, რომ შეწყვიტოთ საომარი მოქმედებები, რადგან თქვენ ეს ხელგეწიფებათ.
ჩვენ ერთსულოვნად, გადაჭრით ვაცხადებთ, რომ უკრაინელ ხალხს არ სურს ომი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მორწმუნეთა მოვალეობაა მისი შეჩერება, ვიდრე გვიანი არ არის. ღმერთის მცნება „არა კაც კლა“ ხაზს უსვამს ადამიანის სიცოცხლის ღირებულებას და ღმერთის სასტიკ სასჯელს მკვლელებზე. აგრესიული ომი დიდი დანაშაულია ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე.
სისხლისღვრის შესაჩერებლად, უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად, ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.
საუკეთესო გზა სირთულეებისა და წინააღმდეგობების მოგვარებისთვის დიალოგია. ჩვენ ამგვარ მშვიდობიან დიალოგში გიწვევთ. უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭო მზადაა ამგვარი დიალოგისთვის, დაძაბულობის აღმოსაფხვრელად და მშვიდობის აღსადგენად ჩვენს ქვეყნებს შორის, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი, ფართომასშტაბიანი კონფლიქტების განვითარების შესაძლებლობა და შევინარჩუნოთ ურთიერთგაგება და თანამშრომლობა ადამიანთა შორის მთელ მსოფლიოში.
ჩვენი რელიგიური ტრადიციით ერთმანეთს მშვიდობის სურვილით ვესალმებით – „მშვიდობა თქვენდა“. დაე, ეს მისალმება არა მხოლოდ უბრალო შეძახილი, არამედ საფუძველი იყოს ჩვენთვის, რათა უფლის გზებით ვიაროთ.
დღეს შემოქმედის წინაშე განსაკუთრებული სათხოვრით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებაზეც ხშირად ბევრი რამაა დამოკიდებული. ეს თქვენ გეხებათ, ბატონო რუსეთის პრეზიდენტო.
უკრაინის ეკლესიათა და ორგანიზაციათა საბჭოს სახელითა და პატივისცემით,
გრიგორი კომენდანტი
უკრაინის ეკლესიათა და ორგანიზაციათა საბჭოს თავმჯდომარე,
უკრაინის ბიბლიის საზოგადოების პრეზიდენტი.“