ინტერნეტგამოცემა DailyMail-ის ცნობით, ვაშინგტონში არსებული ჩრდილოეთ კორეის ადამიანთა უფლებადამცველი კომიტეტი (HRNK) ახალ ანგარიშს ავრცელებს. ანგარიშში მოცემულია კონგორის საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეული პატიმრების ინტერვიუები. ისინი ჰყვებიან ჩრდილოეთ კორეაში ადამიანთა წამების სასტიკი ფაქტების შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, კონგორის ციხის პატიმრები იძულებულნი არიან, დალიონ წყალი, რომელიც დაბინძურებულია მათი თანამესაკნეების გვამების ფერფლით. დატუსაღებულთა უმრავლესობის დანაშაულს კი ქრისტიანული რწმენა, ბიბლიის ქონა და სამხრეთკორეული სერიალების ყურება წარმოადგენს.
ანგარიშში ვკითხულობთ ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის მოგონებას, რომლის მიხედვით, ყოველ ორშაბათს პატიმრები კრემატორიუმის შენობაში მდებარე მრგვალ ავზში ათავსებდნენ გარდაცვლილთა გვამებს, შემდგომ კი წვავდნენ. შენობა სისხლის, ასევე, გახრწნილი და დამწვარი გვამების სუნით ყარდა. გვამების დაწვის შემდეგ, ფერფლს იქვე ყრიდნენ.
„როდესაც წვიმა მოდიოდა, ნიაღვარს ფერფლი მდინარეში ჩაჰქონდა, პატიმრები კი მდინარის წყალს სვამდნენ და დასაბანად იყენებდნენ.“ – იხსენებს ყოფილი პატიმარი.
კონგორის ციხეს ოფიციალურად „ხელმეორედ აღზრდის ბანაკი“ ეწოდება. ის ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ბანაკი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ავადმყოფობათა, სხვადასხვა ტრავმის და ციხის ხელმძღვანელობის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.
„ადამიანთა ქცევა, რომელიც აბსოლუტურად ნორმალურად მიიჩნევა სხვა ქვეყნებში, კრიმინალიზებულია ჩრდილოეთ კორეაში. ეს მოიცავს რწმენის თავისუფლებას, განსაკუთრებით კი ქრისტიანული რწმენისა, აგრეთვე, ბიბლიის ქონას, გარე სამყაროდან შემოსულ ინფორმაციაზე წვდომას, კერძოდ, ნებისმიერ მასალაზე სამხრეთ კორეიდან, მაგალითად, სერიალებზე. დანაშაულთა სიაში შედის უპატივცემულობის გამოხატვა გაზეთის იმ გვერდისადმი, სადაც დაბეჭდილია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ფოტო.“ – ამბობს HRNK-ს აღმასრულებელი დირექტორი, გრეგ სკარლატოიუ.
HRNK-მ ასევე გამოიყენა თანამგზავრის სურათები, რათა დაედგინა კრემატორიუმისა და ციხის შენობების ადგილმდებარეობანი.
ვარაუდობენ, რომ მთელი ჩრდილოეთ კორეის მასშტაბით, დაპატიმრებულია, დაახლოებით, 120 000 ადამიანი. პატიმრებს მონებივით ეპყრობიან და ამუშავებენ. ერთ-ერთი ყოფილი პატიმრის ცნობით, კონგორის ციხეში მისი ყოფნის 8-თვიანი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, 800 პატიმარი დაიღუპა მძიმე შრომისა და შიმშილის გამო.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია „Open Doors“-ის 2020 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა პირველ ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანები იდევნებიან. ფაქტებისა და მძიმე ბრალდებათა მიუხედავად, კიმ ჩენ ინის რეჟიმი მტკიცედ უარყოფს ადამიანის უფლებათა რაიმე სახის დარღვევას კორეის ტერიტორიაზე.