ამერიკაში არსებული არაკომერციული ორგანიზაცია China Aid, რომელიც თვალყურს ადევნებს რელიგიურ დევნას ჩინეთში, იუწყება, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) ჩინოვნიკებმა, ჩინეთის პროვინცია ვენჯო ლონგვანის სკოლაში, ცოტა ხნის წინ დაადგინეს შესავსები ფორმა – „მასწავლებლის დაპირება, რომ არ მიიღონ არანაირი რწმენა“.
ფორმა, რომელიც მოითხოვს თითოეული მასწავლებლის ხელმოწერას, შეიცავს დირექტივებს ოთხი „საჯაროდ გამოცხადებული ვალდებულების“ შესაბამისად. მასწავლებლები ვალდებულნი არიან: მტკიცედ დაამკვიდრონ მარქსისტული რელიგიური შეხედულება; გააძლიერონ ათეიზმის განათლება და თავი შეიკავონ ნებისმიერი რელიგიის რწმენისგან ან რაიმე რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობისგან. მასწავლებლებს ასევე ეკრძალებათ სწავლება რელიგიის შესახებ, რელიგიური ინფორმაციის გავრცელება ან მსგავსი საქმიანობა. მათ მოეთხოვებათ, ხელი შეუწყონ სოციალიზმის განვითარებას.
International Christian Concern-ის ცნობით, ის მასწავლებლები, რომლებიც CCP-ს ეკუთვნიან, ვალდებულნი არიან, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ისინი „არ მიეკუთვნებიან და არ აღიარებენ არცერთ რელიგიურ რწმენას.“ ხელმოწერილი დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი თავად უნდა დაიტოვონ, ხოლო ორი ასლი გადასცენ სახელმწიფოს. მათი შევსების ვადა 30 ნოემბრამდე იყო.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ყველა საჯარო სკოლა სახელმწიფოს მიერ კონტროლდება და ფინანსდება, შესაბამისად, ყველა სკოლა კომუნისტურ იდეოლოგიას ატარებს.
ქალაქი ჟიჯენგი ცნობილია, როგორც „ჩინური იერუსალიმი“, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ბოლო რამდენიმე წელია, აქ ქრისტიანთა დევნაც უფრო მოხშირებულია. ეს ქალაქი და მისი მოსახლეობა გახდა ეკლესიების დახურვის, ხუცესებისა და ეკლესიის წინამძღოლების დაპატიმრების სამიზნე.
2017 წელს CCP-მ გაამკაცრა შეზღუდვები რელიგიური რიტუალების ჩატარების შესახებ ჟიჯენგის პროვინციაში. მოგვიანებით, პროვინციის მთავრობამ არასრულწლოვნებს აუკრძალა რელიგიურ ღვთისმსახურებებზე დასწრება.
2018 წელს რეგიონის ორ საშუალო სკოლაში 300-ზე მეტ ქრისტიან ბავშვს მოსთხოვეს, შეავსონ ფორმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი არ მისდევენ არცერთ რელიგიურ მიმდინარეობას და არ ავრცელებენ მას. იმ ბავშვებს კი, რომლებიც არ დაემორჩილებიან ამ წესებს, შეეზღუდებათ სკოლის სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
„პირველად, 1960-იანი წლების კულტურული რევოლუციის შემდეგ, ჩინეთის კომუნისტური პარტია აიძულებს ბავშვებს, საჯაროდ უარყონ თავიანთი რწმენა. ჩინეთის ხელისუფლების მიერ ზეწოლა სინდისისა და რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-18 მუხლს. საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს ამ ფაქტს, ეს პირდაპირი დარღვევაა.“ – განაცხადა China Aid-ის პრეზიდენტმა ბობ ფუმ.
7 დეკემბერს, აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიამ ჩინეთი „განსაკუთრებული შეშფოთების გამომწვევ ქვეყნად“ დაასახელა რელიგიური თავისუფლების სისტემატურად შეზღუდვის თვალსაზრისით.
„შეერთებული შტატები დაუღალავად განაგრძობს მუშაობას, რათა დასრულდეს რელიგიური დევნა და ძალადობა მთელ მსოფლიოში და თითოეულ ადამიანს ყველგან და ნებისმიერ დროს ჰქონდეს სინდისის კარნახით ცხოვრების უფლება.“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
შეგახსენებთ, რომ Open Door USA-ს მონაცემებით, ჩინეთი იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ქრისტიანები მუდმივად იდევნებიან.