2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა პეკინში მომავალ თვეში დაიწყება. რელიგიური თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები ქრისტიანებს მოუწოდებენ, ბოიკოტი გამოუცხადონ ოლიმპიადას ჩინეთში ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების დევნის გამო.
გასულ ოთხშაბათს საერთაშორისო უფლებადამცველმა ქრისტიანულმა ორგანიზაციამ Open Doors USA გამოაქვეყნა იმ 50 ქვეყნის სია, სადაც ყველაზე მეტად იდევნებიან ქრისტიანები. პრესკონფერენციაზე, სადაც ეს ჩამონათვალი იქნა წარდგენილი, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კერიმ ისაუბრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ქრისტიანთა და სხვა რელიგიურ უმცირესობათა დევნის შესახებ.
კერიმ ქრისტიანებს ოლიმპიადისათვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
„ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ჩინეთი სპორტს, ფულსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში ჩადებულ ინვესტიციებს იმისათვის, რომ მიჩქმალოს ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები. ორგანიზაცია Open Doors USA მოუწოდებს თითოეულ ქრისტიანს, ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიადას ჩინეთში დევნილი ჩვენი დებისა და ძმების სახელით.“ – ამბობს კერი.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოიკოტში იგულისხმა ის, რომ ქრისტიანებმა არ ადევნონ თვალი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ცოტა ხნის წინ დააწესა შეზღუდვა ბიბლიებისა და სხვა ქრისტიანული ლიტერატურის ონლაინგავრცელებაზე. მხოლოდ ის ჯგუფები შეძლებენ ბიბლიების დარიგებას, რომლებიც აღიარებენ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და საკუთარ ქადაგებებზე ცენზურის დაწესების უფლებას მისცემენ მას.
ამავდროულად, ქრისტიანთა უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Voice of the Martyrs წამოიწყო ლოცვითი კამპანია. ორგანიზაცია მოუწოდებს ქრისტიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ილოცონ ჩინეთში მცხოვრებ ქრისტიანებზე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას.
„ოლიმპიადა ყოველთვის სავსეა დიდებული სანახაობითა და შთამაგონებელი სპორტული მიღწევებით, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მასპინძელ ქვეყანას არ სურს, რომ ვხედავდეთ დაპატიმრებულ ხუცესებს, ეკლესიათა დანგრეულ შენობებს და რელიგიური თავისუფლების აბსოლუტურ არარსებობას.“ – განაცხადა ორგანიზაციის სპიკერმა ტომ ნეტლტონმა.