25 სექტემბერს ნაციონალური ლოცვითი მარშის ღონისძიებაზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან. ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი მახარებლისა და ორგანიზაცია „სამარიტელის ქისის“ პრეზიდენტის – ფრანკლინ გრემის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.
ქრისტიანები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ ელოცათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობისათვის, ქვეყნის ხელისუფლებისა და სამოქალაქო არეულობის მოგვარებისათვის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც მადლობა გადაუხადა შეკრებილებს ლოცვისათვის და კვლავ მოუწოდა, ელოცათ შეიარაღებული ძალებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და კონგრესისათვის.
„ჩვენი ერის ჩამოყალიბების დროიდან მოყოლებული, ამერიკელი ხალხი და ჩვენი ლიდერები ყოველთვის ლოცვას მიმართავდნენ ძნელბედობათა ჟამს.“ – განაცხადა პენსმა.
„ეს ადამიანები საკუთარი ხარჯით ჩამოვიდნენ ვაშინგტონში. ისინი მოდიან იმისათვის, რომ ილოცონ ქვეყნისათვის.“ – თქვა არკანზასის ყოფილმა გუბერნატორმა მაიკ ჰაკაბიმ ღონისძიების პირდაპირ ეთერში გადაცემისას.
ორგანიზატორების განცხადებით, ლოცვით მარშს 50 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი ღონისძიებაა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა პანდემიის გამო მარტში გამოცხადებული აკრძალვების შემდეგ.