პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური შედეგების გამო, იაპონიაში უფრო მეტი ადამიანი იღუპება თვითმკვლელობის შედეგად, ვიდრე კორონავირუსით.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაპონიამ პანდემიასთან ბრძოლას გაცილებით უკეთ გაართვა თავი (მთელ ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 ათასზე ნაკლებია), „ნაციონალური საპოლიციო სააგენტოს“ სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ოქტომბერში თვითმკვლელობათა რიცხვმა 2 153-ს მიაღწია. ახალი ამბების სააგენტო CBS-ის ინფორმაციით, წელს იაპონიაში 17 ათასმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. განსაკუთრებით მაღალია თვითმკვლელობათა რიცხვი ქალებს შორის.
„ამის ყველაზე მთავარი მიზეზი ის არის, რომ ქალები კარგავენ სამუშაო ადგილებს და არ იციან, როგორ შეინახონ საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახები.“ – განუცხადა CBS News-ს კოკი ოზორამ. ოზორა ფსიქოლოგიური მომსახურების ონლაინ პლატფორმის (Anata no Ibasho) დამფუძნებელია, რომელსაც, ძირითადად, გოგონები და ახალგაზრდა ქალები მიმართავენ დასახმარებლად.
ექსპერტების თქმით, პანდემიამ გონებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავება გამოიწვია გახანგრძლივებული კარანტინის, ოჯახის წევრებისგან იზოლაციის, უმუშევრობისა და სხვა საკითხების მეშვეობით.
„ჩვენ სერიოზულად უნდა დავუპირისპირდეთ რეალობას.“ – განაცხადა იაპონიის მთავრობის მთავარმა წარმომადგენელმა კაცუნობუ კატომ. მან გაავრცელა განცხადება ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც შეეხება სუიციდის პოტენციურ მსხვერპლთა დახმარებას ცხელი ხაზისა და სოციალური მედიის საშუალებით.
იაპონია თვითმკვლელობათა ყველაზე მაღალი რიცხვით გამოირჩევა მსოფლიოს „დიდი შვიდეულის“ მდიდარ ქვეყნებს შორის. ქვეყნის მთავრობამ 34 მილიონამდე გაზარდა სუიციდის პრევენციისთვის გამოყოფილი დაფინანსება.
ამ ინფორმაციას ეხმაურება ფრანკლინ გრემი, რომელიც თავისი “ფეისბუკის” გვერდზე წერს: „ამ პანდემიას უამრავი ‘გვერდითი ეფექტი’ მოჰყვა, მაგრამ ის ასევე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ იესო ქრისტეს მორწმუნეებმა სხვებსაც გაუზიარონ იმედის შესახებ. ღმერთის მშვიდობას, მის ძალას, მის სიყვარულს შეუძლია, ადამიანს ნებისმიერი ცხოვრებისეული ქარიშხალი და მსოფლიო პანდემიაც კი გადაატანინოს. ღვთის სიყვარულის ჩაკეტვა ხომ შეუძლებელია კარანტინის მეშვეობით.
მოდით, მთელ მსოფლიოს გავუზიაროთ ამ იმედისა და სახარების ჭეშმარიტების შესახებ. ვილოცოთ მათზე, ვისაც ეშინია, ვინც დეპრესიაშია კორონავირუსის გამო და მივწვდეთ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს იესო ქრისტეს იმედით.“