ორგანიზაცია „სატანისტურმა ტაძარმა“ აშშ-ში, ილინოისის კაპიტოლიუმში სატანისტური სადღესასწაულო ექსპოზიცია განათავსა. საგამოფენო ექსპონატი გახლავთ ბაფომეტის ფიგურა, რომელიც განსახიერებულია ბავშვის ასაკში და ბაგაში მწოლიარე. ექსპონატი კაპიტოლიუმის საჯარო სივრცეში 20 დეკემბერს დადგეს, მას შემდეგ, რაც სპრინგფილდის ეპარქიამ 30 ნოემბერს კაპიტოლიუმში ტრადიციული საშობაო სცენა განათავსა.
ორგანიზაცია „სატანისტური ტაძრის“ წევრების განცხადებით, ექსპონატი არის „დადებითი ფასეულობების დემონსტრაცია“, ისეთების, როგორებიცაა: პლურალიზმი, ერთობა, თანაგრძნობა და ემპათია.
სატანისტური ექსპონატის კაპიტოლიუმში დადგმა გააპროტესტა ტრადიციებისა და ოჯახის დამცველ კათოლიკეთა ჯგუფმა. კაპიტოლიუმთან შეკრებილ ჯგუფის წევრებს ხელში ეჭირათ ბანერები, წარწერით: „სატანას არ აქვს უფლებები“.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია „სატანისტური ტაძრის“ პირველი სადღესასწაულო გამოფენა 2018 წელს შედგა, რასაც მოჰყვა მორიგი ექსპოზიციის გამოფენა 2019 წელს, სახელწოდებით „ცოდნა ყველაზე დიდებული საჩუქარია“. ექსპოზიცია წარმოადგენდა ბიბლიურ ევას – ვაშლსა და გველთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, კაპიტოლიუმის როტონდის პირველი სართული საჯარო სივრცედ ითვლება და ყველას შეუძლია იქ ნებისმიერი სახის დროებითი ექსპოზიციის დადგმა; ხოლო სახელმწიფო მოხელეებს არ აქვთ უფლება, ცენზურა დააწესონ გამოფენისა თუ სიტყვით გამოსვლის შინაარსზე.
ორგანიზაცია „სატანისტური ტაძარი“ 2012 წელს დაარსდა და 300 ათას წევრზე მეტს ითვლის. მისი დამფუძნებლები აცხადებენ, რომ თაყვანს არ სცემენ სატანას და არ სწამთ მისი, როგორც პიროვნული არსების, მაგრამ მათი სახელი და ქმედებანი ცხადყოფს, რომ მათი მიზანი სწორედ სატანის სახელის განდიდება და ქრისტიანული მოძღვრების წინააღმდეგ ბრძოლაა.
გასული ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ დააწესა „ეშმაკის ადვოკატის სტიპენდია“ 500 დოლარის ოდენობით სტუდენტებისთვის, ხოლო აბორტი „რელიგიურ რიტუალად“ გამოაცხადა, რათა შემდეგ ეთქვა, რომ მათი რელიგიური შეხედულება აბორტზე უგულებელყოფილი იყო ტრამპის მთავრობის მიერ. ამით მათ აბორტის მომხრე ორგანიზაციების და კერძო პირების გული მოიგეს.