გაბედული სიყვარული

by ნინო ხუროშვილი
710 ნახვა

დედის სიყვარული შვილის მიმართ… არსებობს სიყვარული ამაზე უფრო ღრმა?

ღვთის სიყვარული თავისი შვილების მიმართ… არსებობს სიყვარული ამაზე უფრო გაბედული?

წმინდა წერილში ჩაქსოვილია აზრი იმის შესახებ, რომ ღვთის სიყვარული დედობრივი სიყვარულის მსგავსია: ღრმა, დაუცხრომელი, გაბედული.  

„როგორც დედა სცემს ნუგეშს თავის შვილს, ისე მე გცემთ თქვენ ნუგეშს…“
ესაია 66:13

„განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ! მე ხომ ჩემს ხელისგულებზე გამოგხაზე…“
ესაია 49:15-16

„მშვიდად ვიქცეოდით თქვენ შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ შეჰფოფინებს“
I თესალონიკელთა 2:7

გაბედული სიყვარული… დედობრივი სიყვარული… მამობრივი სიყვარული.

ქრისტემ „…შეიყვარა რა თავისიანები, რომლებიც ამ სოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1).

დედებო, კითხვა მაქვს: რატომ გიყვართ თქვენი ახალშობილები? ვიცი, ვიცი, სულელური შეკითხვაა. მომიტევეთ.

რატომ გიყვართ?  

თვეების განმავლობაში ამ ბავშვს ტკივილი მოჰქონდა თქვენთვის. მის გამო გული გერეოდათ, ძლივს დადიოდით. მუცელში გირტყამდათ ხელებს და ფეხებს. ის იკავებდა ადგილს, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და ჭამდა საჭმელს, რომელსაც თავად არ ამზადებდა. თქვენ მას ათბობდით. იცავდით უსაფრთხოდ. კვებავდით. მაგრამ განა მადლობას გიხდიდათ ის?

გამოვა თუ არა დედის საშოდან, მაშინვე ტირილს იწყებს! ოთახში მეტისმეტად ცივა. საბანი ძალიან დიდია. ექთანი ძალიან უხეშია. და ვინ უნდა ბავშვს? დედა. მას არც კი უთქვამს, რომ მოდიოდა. ადგა და მოვიდა. მერედა, როგორ მოვიდა! ახლა შეხედე შენს თავს. ზურგი გტკივა. თავი დამძიმებული გაქვს. სხეული გეოფლება. ყოველი კუნთი დაძაბული და დაჭიმული გაქვს. უნდა ბრაზობდე, მაგრამ ბრაზობ? სრულებითაც არა. შენს სახეზე მარადისობაზე ხანგრძლივი სიყვარულია აღბეჭდილი. მას (ბავშვს) არაფერი გაუკეთებია შენთვის, მაგრამ მხოლოდ იმაზე ლაპარაკობ, რა კარგი გარეგნობა აქვს მას, რა საყვარელია, რა ნათელი მომავალი ელოდება. ის ყოველ ღამით გაღვიძებს, მაგრამ ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს. შენ მასზე გიჟდები.  

რატომ?  

ღმერთო, კითხვა მაქვს: რატომ გიყვარს შენი შვილები? არ მინდა უპატივცემულობა გამოვიჩინო, მაგრამ მხოლოდ ზეცამ იცის, რამდენი ტკივილი მოგიტანეთ. რატომ ხარ შემწყნარებელი ჩვენდამი? შენ გვაძლევ ყოველი ჩასუნთქვის უნარს, მაგრამ განა ამისათვის მადლობას გიხდით? შენ გვაძლევ სხეულს, რომლის მსგავსიც მეორე არ არსებობს, მაგრამ განა გადიდებთ ამისათვის? ძალიან იშვიათად.

ჩვენ ვწუწუნებთ ამინდის გამო. ვჩხუბობთ ჩვენი სათამაშოების გამო. ვკამათობთ, მამაკაცები ვჯობივართ თუ ქალები. ერთი წამიც არ გავა ისე, რომ ვინმემ შენი სახელი ცუდად არ გამოიყენოს. შენ მსოფლიოს საკვებით ავსებ, მაგრამ ჩვენ შიმშილობისთვის გადანაშაულებთ. შენ აჩერებ დედამიწას, რომ ზედმეტად არ დაიხაროს და იცავ არქტიკას დნობისგან, თუმცა ჩვენ მაინც გულგრილობაში გადანაშაულებთ.

შენ გვაძლევ ლურჯ ზეცას, მაგრამ ჩვენ წვიმას მოვითხოვთ. გვაძლევ წვიმას და მზეს მოვითხოვთ. თითქოს ვიცოდეთ, რა იყოს ჩვენთვის უკეთესი. ჩვენ უფრო მხურვალედ ვუკრავთ ტაშს მას, ვისაც გოლი გააქვს, ვიდრე ღმერთს, ვინც შეგვქმნა. მთვარეს უფრო მეტ სიმღერას ვუმღერით, ვიდრე ქრისტეს, რომელმაც გვიხსნა.

და როდესაც არ გვაძლევ იმას, რაც გვინდა, ვამბობთ, რომ არ არსებობ, თითქოს ჩვენს აზრს მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩვენ ვაბინძურებთ მსოფლიოს, რომელიც შენ ჩაგვაბარე. ჩვენ უდიერად ვექცევით სხეულებს, რომლებიც შენ მოგვეცი. ჩვენ უგულებელვყოფთ შენს სიტყვას, რომლითაც მოგვმართავ. ჩვენ მოვკალით შენი ძე, რომელიც ჩვენთვის წარმოგზავნე. ჩვენ გათამამებული ბავშვები ვართ, რომლებიც ფეხებს აბაკუნებენ, იბუტებიან, ღმერთს გმობენ.  

ყველა მიზეზი გაქვს იმისათვის, რომ ზურგი გვაქციო. მე ნამდვილად ასე მოვიქცეოდი! ხელებს დავიბანდი, დედამიწაზე არსებულ მთელ ამ არეულობას ზედ აღარ შევხედავდი და მარსზე დავიწყებდი თავიდან ყველაფერს. თქვენ რას იზამთ? მე ვხედავ პასუხს ამომავალ მზეში. მე მესმის პასუხი ტალღების ხმაურში. მე ვგრძნობ პასუხს ბავშვის კანის შეხებისას. მამაო, შენი სიყვარული არასოდეს მთავრდება.

არასოდეს. თუმცაღა ქედმაღლურად უარგყოფთ, უგულებელგყოფთ, გეურჩებით, შენ მაინც არ იცვლები. ჩვენს ბოროტებას არ შეუძლია შენი სიყვარულის დაკნინება. ჩვენს სიკარგეს არ ძალუძს მისი გაზრდა. ხელი თუ მომეცარება, შენი სიყვარული ჩემდამი ამით არ შემცირდება, ხოლო წარმატებას თუ მივაღწევ, ამის გამო უფრო მეტად არ შემიყვარებ. შენი სიყვარული არასოდეს მთავრდება.

როგორ განვმარტავთ ამას?

პასუხს დედის თვალებში ვპულობთ. რატომ უყვარს მას თავისი ჩვილი? იმიტომ, რომ ბავშვი მისია? უფრო მეტიც. იმიტომ, რომ ბავშვში თავად არის. მასში დედის სისხლია. დედის ხორცია. დედის იმედია. დედის მემკვიდრეობაა. მას არ აწუხებს, რომ ჩვილს მისთვის არაფრის მიცემა არ შეუძლია. მან იცის, რომ ახალშობილი უმწეოა, სუსტია. დედამ იცის, რომ ჩვილს არ უთხოვია ამქვეყნად მოვლინება.  

და ღმერთმაც იცის, რომ არც ჩვენ გვითხოვია ეს. ჩვენ მისი იდეა ვართ. ჩვენ მას ვეკუთვნით. მისი სახე ვართ, მისი თვალები. მისი ხელები. მისი შეხება. ჩვენში ის არის. კარგად შეხედეთ თითოეული ადამიანის სახეს და დაინახავთ უფლის მსგავსებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი შორეულ ნათესავად შეიძლება მოგეჩვენოთ, ეს ასე არ არის. ღმერთს არ ჰყავს ბიძაშვილები. მას მხოლოდ შვილები ჰყავს.  

ჩვენ ქრისტეს სხეული ვართ და არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ მისნი ვართ და ეს ურყევი ჭეშმარიტებაა. მას ვუყვარვართ უკვდავი სიყვარულით. არაფერია, რასაც ძალუძს ჩვენი ჩამოშორება ქრისტეს სიყვარულისაგან (რომაელთა 8:38-39).

ღმერთს ეს სიტყვები რომ არ ეთქვა, სულელი ვიქნებოდი, ამის შესახებ რომ დამეწერა, მაგრამ ვინაიდან მან თავად თქვა ეს სიტყვები, სულელი ვიქნები, რომ არ ვირწმუნო მათი. არაფერს ძალუძს ჩვენი ჩამოშორება ქრისტეს სიყვარულისაგან. თუმცა რა ძნელია ამ ჭეშმარიტების მიღება.

თქვენ ფიქრობთ, რომ ისეთი რამ ჩაიდინეთ, რაც მისი სიყვარულის მიღმა გტოვებთ. ღალატი. შეუსრულებელი დაპირება. ფიქრობთ, რომ ღმერთს უფრო მეტად ეყვარებოდით, ეს რომ არ ჩაგედინათ, ასეა? ფიქრობთ, რომ მას უფრო მეტად ეყვარებოდით, მეტს რომ აკეთებდეთ, ასე არ არის? ფიქრობთ, რომ უკეთესი პიროვნება რომ იყოთ, ღვთის სიყვარული თქვენდამი უფრო ღრმა იქნებოდა, ხომ ასეა?

ცდებით. ცდებით. ცდებით.

მისი სიყვარული არ არის ადამიანური. მისი სიყვარული არ არის „ნორმალური“. მისი სიყვარული ხედავს თქვენს ცოდვას და მაინც უყვარხართ.

იწონებს ღმერთი თქვენს შეცდომას? არა. გჭირდებათ მონანიება? დიახ. მაგრამ საკუთარი თავის გულისათვის ინანიებთ თუ მისი გულისათვის? საკუთარი თავის გულისათვის. მის ეგოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა. მის სიყვარულს არ სჭირდება გაძლიერება. არ შეიძლება, უფალს იმაზე უფრო მეტად უყვარდეთ, ვიდრე ახლა უყვარხართ.


ამავე კატეგორიის