პატიება და ურთიერთობის აღდგენა

1.2K ნახვა

ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო, მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი!

მათეს სახარება 5:23-24

როგორ წარმოგიდგენიათ, პატიება გულისხმობს ურთიერთობის გაგრძელებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა? მე ასე არ ვფიქრობ. პატიება და ურთიერთობის აღდგენა ორი სხვადასხვა რამ არის.

როდესაც ვინმე სჩადის დანაშაულს, რომელიც ურთიერთობის გაწყვეტას იწვევს, პატიება არ ნიშნავს ამ ურთიერთობის განახლებას ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

პატიება იმ ადამიანის პრეროგატივაა, რომლის წინაშეც დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ ურთიერთობის აღდგენისთვის გადადგმული ქმედითი ნაბიჯები დამნაშავეს უნდა ეკუთვნოდეს. უბრალოდ „ბოდიში“ საქმეს ვერ გამოასწორებს და არც დამსხვრეული ურთიერთობების განსაახლებლად არ არის საკმარისი.

ბიბლია სამ გზას გვასწავლის, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა:

ურთიერთობის აღდგენა მოითხოვს მონანიებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ნამდვილად უნდა წუხდეთ იმის გამო, რაც ჩაიდინეთ. უბრალოდ „ბოდიშის“ ნაცვლად, უნდა ამბობდეთ „ვცდებოდი. ვწუხვარ. გთხოვ, მაპატიე.“ აქ საუბარი არ არის იმ შემთხვევებზე, როცა ვინმეს შემთხვევით შეეჯახეთ მაღაზიაში, ან გადაგავიწყდათ პირობა, რომელიც მეგობარს მიეცით შეხვედრის თაობაზე, საუბარია დანაშაულზე მეორე ადამიანის მიმართ, რომელსაც გული ატკინეთ, დანაშაულზე, რომლის შედეგების გამოსწორებას „ბოდიშზე“ მეტი სჭირდება და ეს დანაშაული მოითხოვს გაცნობიერებულ მონანიებას. მონანიება კი თავისთავად ცვლილებას გულისხმობს.

ურთიერთობის აღდგენა მოითხოვს კომპენსაციას.  ურთიერთობების აღდგენის პროცესში მზად უნდა იყოთ, რომ ზოგჯერ თქვენი საქციელის საფასურის გადახდა მოგიწევთ არა მხოლოდ მორალურად, არამედ მატერიალურადაც. მაშინაც კი, როცა გპატიობენ, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი ქმედებების შედეგებზე არ ხართ პასუხისმგებელი. მზად იყავით, გადაიხადოთ ვალი მაშინაც კი, თუ მსესხებელმა უკვე დაივიწყა მისი არსებობა. ეს ქმედება რეალური ნაბიჯი იქნება, რომ ურთიერთობის აღდგენა დავიწყოთ იმ ადამიანთან, ვისაც იმედები გავუცრუეთ.

ურთიერთობის აღდგენა მოითხოვს ნდობის აღდგენას. ნდობის აღდგენას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. როცა ვინმეს ატკინე, იდეალურ შემთხვევაში, ეს ადამიანი მაშინვე გაპატიებს, მაგრამ კვლავ ნდობა უკვე შეუძლებელი ხდება. პატიება აგებულია მადლზე და უპირობოა; ნდობა კი დროთა განმავლობაში უნდა აღდგეს.

გახსოვდეთ, პატიება და ურთიერთობის აღდგენა ერთი და იგივე არ არის.

ვინმეს რამე დაუშავეთ? რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დღესვე დაიწყოთ ამ ურთიერთობის აღდგენა?

  • იფიქრეთ რამდენიმე მაგალითზე თქვენი ცხოვრებიდან, როდესაც თქვენ ნამდვილად მოინანიეთ. როგორ გამოხატეთ ეს მონანიება?
  • გაიხსენეთ, როდესაც უცდიათ – მოყენებული ზარალი აენაზღაურებინათ თქვენთვის, როგორ იმოქმედა ამან ურთიერთობის აღდგენაზე?
  • არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში ურთიერთობა, სადაც ნდობა დაიკარგა? თუ რამეში დამნაშავე იყავით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ნდობის აღდგენის პროცესის დასაწყებად?

ავტორი: რიკ უორენი


ამავე კატეგორიის