მთელი ცხოვრება მონანიებაა

by ელენე თანდაშვილი
1.3K ნახვა

მარტინ ლუთერმა რეფორმაცია დაიწყო იმით, რომ ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი 95 თეზისი. სულ პირველი თეზისი ასე ჟღერდა: „ჩვენმა უფალმა და ბატონმა, იესო ქრისტემ… ინება, რომ მორწმუნეთა მთელი ცხოვრება ყოფილიყო მონანიების ცხოვრება“.  

თითქოს ლუთერს იმის თქმა სურს, რომ ქრისტიანები დიდ წინსვლას ვერ შეძლებენ, თუმცა ლუთერი ამას სულაც არ გულისხმობდა. ის ამბობდა, რომ მონანიება არის გზა, რომლის მეშვეობითაც წინ მივიწევთ ქრისტიანულ ცხოვრებაში. მართლაც, ყოვლისმომცველი, მონანიებით სავსე ცხოვრება საუკეთესო მაჩვენებელია იმისა, რომ ჩვენ სწრაფად და სიღრმისეულად ვემსგავსებით ქრისტეს.

მონანიების მიერ გამოწვეული გარდასახვა  

მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ როგორ გავლენას ახდენს მონანიებაზე სახარება და როგორც გარდაქმნის მას. „რელიგიაში“ მონანიების დანიშნულება, ძირითადად, ისაა, რომ ღმერთი „ბედნიერი“ იყოს, რათა კვლავ და კვლავ გვაკურთხებდეს და პასუხს სცემდეს ჩვენს ლოცვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „რელიგიური მონანიება“ არის:
ა. ეგოისტური
ბ. თვითკმაყოფილი
გ. თავიდან ბოლომდე სიმწარით სავსე.
თუმცა, სახარების მიხედვით, მონანიების დანიშნულება ისაა, რომ კვლავ და კვლავ ვივსებოდეთ ქრისტესთან ერთობის სიხარულით, რათა სუსტდებოდეს ჩვენში სურვილი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მოქცევისა.

„რელიგიური“ მონანიება ეგოისტურია  

რელიგიის მიხედვით კი, ჩვენ მხოლოდ ვწუხვართ ცოდვის გამო და ისიც იმიტომ, რომ ცოდვის მიერ მოტანილი შედეგები ცუდად აისახება ჩვენზე. მის გამო სასჯელს ვიტეხთ თავზე და გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ ის. ამიტომაც ვინანიებთ, მაგრამ სახარების მიხედვით, ცოდვას არ შეუძლია, მსჯავრი დაგვდოს ქრისტიანებს (რომაელთა 8:1).  

ცოდვის სისაძაგლე და საშინელება იმაში გამოიხატება, რომ ცოდვა უპატიოჰყოფს და შეურაცხყოფს ღმერთს. ამრიგად, რელიგიის მიხედვით, მონანიება ეგოცენტრულია; რელიგიაში მონანიება ადამიანს უბიძგებს იმისკენ, რომ საკუთარ თავზე გაამახვილოს ყურადღება; სახარება კი გვიბიძგებს იმისკენ, რომ ღმერთზე გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. რელიგია გვაიძულებს – ვწუხდეთ ცოდვის მიერ მოტანილი შედეგების გამო, ხოლო სახარება აღძრავს იმის სურვილს, რომ ვწუხდეთ თავად ცოდვის გამო.  

უფრო მეტიც, „რელიგიური“ მონანიება თვითკმაყოფილია, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული. მონანიება შეიძლება ადვილად იქცეს ცოდვის „გამოსყიდვის“ ერთგვარ ფორმად. რელიგიური მონანიება ხშირად იქცევა თვითგვემის ფორმად, რომლის მეშვეობითაც ვარწმუნებთ ღმერთს (და საკუთარ თავსაც), რომ იმდენად ვნანობთ და ვწუხვართ ჩადენილი ცოდვის გამო, რომ ვიმსახურებთ პატიებას. სახარებიდან კი ვიცით, რომ ჩვენი ცოდვის გამო უფალი იესო ქრისტე იტანჯა. ის დალეწილი იყო ჩვენი ცოდვების გამო. არ არის საჭირო, თავი დავიტანჯოთ იმისათვის, რომ პატიება დავიმსახუროთ.

ჩვენ უბრალოდ უნდა მივიღოთ იესო ქრისტეს მიერ ჩვენთვის მოპოვებული პატიება. იოანეს 1-ლი წერილის 1:9-ის მიხედვით, ღმერთი გვპატიობს, რადგან ის მართალია. ეს ღირსშესანიშნავი განცხადებაა. ღმერთის მხრიდან უსამართლობა იქნებოდა, პატიებაზე რომ უარი ეთქვა ჩვენთვის, რადგან იესო ქრისტემ გაგვიხსნა ღმერთთან მისასვლელი გზა, მან მოიპოვა ჩვენთვის მისადგომი ღვთის წინაშე! რელიგიის მიხედვით კი, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ პატიება საკუთარი თავისთვის მონანიების მეშვეობით, თუმცა სახარების თანახმად, პატიებას უბრალოდ ვიღებთ.  

და ბოლოს, რელიგიურ მონანიებას „ბოლომდე სიმწარე გასდევს“. რელიგიაში ჩვენი ერთადერთი იმედი ისაა, რომ საკმარისად კარგი და მართალი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რათა ღმერთმა გვაკურთხოს. მაშასადამე, ცოდვისა და მონანიების ყოველი შემთხვევა მტკივნეული, არაბუნებრივი და საშინლად შიშის მომგვრელია. მხოლოდ უზარმაზარი წნეხის გავლენით თუ აღიარებს რელიგიური ადამიანი იმას, რომ შესცოდა და ეს იმიტომ, რომ თავის ერთადერთ იმედს საკუთარივე ზნეობრივ უმწიკვლოებაზე ამყარებს. თუმცაღა, სახარების მიხედვით, ცოდნა იმისა, რომ ღმერთმა მიგვიღო ქრისტეში, გვიადვილებს საკუთარი ცოდვიანობის აღიარებას (რადგან ვიცით, რომ ღმერთი არ უარგვყოფს, თუ ვაღიარებთ ჩვენი ცოდვილი ბუნების მთელ სიღრმეს).

ჩვენი იმედი ქრისტეს სიმართლეზეა დამყარებული და არა ჩვენს სიმართლეზე. სწორედ ამიტომაც, ჩვენთვის იმდენად მტკივნეული აღარ არის საკუთარ სისუსტეთა და ნაკლოვანებათა აღიარება. რელიგიის თანახმად უფრო და უფრო იშვიათად ვინანიებთ, მაგრამ სახარების მიხედვით, რაც უფრო მეტ სიყვარულსა და მიღებას ვიგრძნობთ ღმერთისაგან, უფრო და უფრო ხშირად მოვინანიებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მონანიებას თან ახლავს სიმწარე, სახარების მიხედვით, საბოლოოდ, შედეგი ტკბილია. ეს რადიკალურად ახალ დინამიკას ქმნის პიროვნული ზრდისათვის. რაც უფრო მკაფიოდ ხედავთ საკუთარ ნაკლოვანებებსა და ცოდვებს, მით უფრო ძვირფასი, აღმაფრთოვანებელი და გასაოცარი ხდება ღვთის მადლი თქვენთვის. ამავდროულად, მეორე მხრივ, რაც უფრო მეტად აცნობიერებთ ღვთის მადლსა და ღვთის მიერ ქრისტეში თქვენი მიღების ფაქტს, მით უფრო მეტი უნარი გეძლევათ იმისა, რომ შეწყვიტოთ თავის დაცვა და აღიაროთ თქვენი ცოდვის ნამდვილი ზომები. ცოდვა, რომელიც სხვა ცოდვების მიღმა დგას, არის ქრისტეში სიხარულის ნაკლებობა.

სახარებისეული მონანიების დისციპლინები  

მონანიებისადმი ამ ორ სრულიად განსხვავებულ მიდგომას თუ ნათლად გააცნობიერებთ, მაშინ (და მხოლოდ მაშინ!) შეძლებთ, დიდი სარგებელი მიიღოთ თვითანალიზისა და მონანიების რეგულარული და მომთხოვნი დისციპლინის მეშვეობით.

ჩემთვის დიდად სასარგებლო იყო მე-18 საუკუნის მეთოდისტური მოძრაობის წინამძღოლების, ჯონ უესლისა და ჯორჯ უაიტფილდის მაგალითის აღმოჩენა. 1738 წლის 9 იანვარს, მეგობრისადმი მიწერილ წერილში ჯორჯ უაიტფილდი დაწვრილებით აღწერდა თანმიმდევრობას, რომლის მიხედვითაც უნდა აღსრულდეს რეგულარული მონანიება. ის წერდა: „ღმერთო, მომეცი დიდი თავმდაბლობა და მხურვალე სიყვარული, მიზანმიმართული მოშურნეობა და მკაფიო ხედვა და დაე, ამის შემდეგ ადამიანებმა და ეშმაკებმა თუნდაც ყველაზე ცუდი საქმეები ჩაიდინონ, მე არ გადავალ გზიდან!“  

ქვემოთ აღწერილია საშუალება, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს თანმიმდევრობა სახარებისეული მონანიებისას.

დიდი თავმდაბლობა (სიამაყის საპირისპიროდ)

ქედმაღლურად ხომ არ შევხედე ვინმეს? მწვავედ ხომ არ აღვიქვი ჩემი მისამართით გამოთქმული კრიტიკა? უგულებელყოფილად ხომ არ მიგრძნია თავი ვინმესგან?

• ასე მოინანიეთ: ვიფიქრო ქრისტეს უსასყიდლო მადლის შესახებ მანამ, სანამ არ ვიგრძნობ, რომ 1. ზიზღი მცირდება (ვინაიდან მეც ცოდვილი ვარ), 2. ტკივილი იკლებს (ვინაიდან ადამიანთა თვალში მოწონებას ღვთის სიყვარულზე მაღლა არ უნდა ვაყენებდე). მისი მადლის შუქზე მე აღარ მჭირდება, ადამიანთა წინაშე შეუვალი და „უმწიკვლო“ სახე შევინარჩუნო. ეს მეტისმეტად დიდი ტვირთია და ახლა უკვე საჭიროც აღარ არის. იფიქრეთ უსასყიდლო მადლის შესახებ მანამ, სანამ მადლიერებითა და სიმშვიდით სავსე სიხარულს არ იგრძნობთ.  

მხურვალე სიყვარული (გულგრილობის საპირისპიროდ)

ვინმეს ცუდად ხომ არ ველაპარაკე (ან ცუდად ხომ არ ვიფიქრე)? თავს ხომ არ ვიმართლებ (ჩემს გონებაში) ამა თუ იმ ადამიანის დამახინჯებულად გამოსახვით და მისი დაცინვით? მოუთმენლობა და გაღიზიანება ხომ არ გამოვიჩინე? მხოლოდ საკუთარ თავზე ხომ არ ვფიქრობდი, ხოლო სხვების მიმართ გულგრილი და უყურადღებო ხომ არ ვიყავი?  

• ასე მოინანიეთ: იფიქრეთ იესო ქრისტეს უსასყიდლო მადლის შესახებ მანამ, სანამ არ დაგრჩებათ 1. არავითარი სიცივე და ცუდი (იფიქრეთ ქრისტეს მსხვერპლიანი სიყვარულის შესახებ), 2. არავითარი მოუთმენლობა (იფიქრეთ თქვენდამი უფლის მოთმინების შესახებ) და 3. არავითარი გულგრილობა. იფიქრეთ უსასყიდლო მადლის შესახებ მანამ, სანამ ადამიანებისადმი სითბოს და სიყვარულს არ გამოიჩენთ. ღმერთმა, თავისი მადლით, უსაზღვრო მოთმინება და ყურადღება გამოიჩინა ჩემდამი.  

ბრძნული გაბედულება (მშფოთვარების საპირისპიროდ)

თავი ხომ არ ამირიდებია ადამიანების ან დავალებებისათვის, რომლებისთვისაც თავი არ უნდა ამერიდებინა? შეშფოთებული ან აღელვებული ხომ არ ვყოფილვარ? სიფრთხილე გამოვიჩინე თუ აჩქარება და იმპულსურობა?

• ასე მოინანიეთ: იფიქრეთ იესო ქრისტეს უსასყიდლო მადლის შესახებ მანამ, სანამ არ დაგრჩებათ 1. არავითარი სილაჩრე სირთულეებთან პირისპირ დგომისა (ვინაიდან უფალი იესო ბოროტებას დაუპირისპირდა ჩემი გულისათვის), 2. არავითარი მშფოთვარება ან ნაჩქარევი ქცევა (ვინაიდან ქრისტეს სიკვდილი ამტკიცებს იმას, რომ ღმერთი ზრუნავს ჩემზე და ყოველთვის იზრუნებს). მშფოთვარებისათვის სიამაყეა საჭირო: საკმარისად ბრძენი არ ვარ, რათა ვიცოდე, როგორ უნდა წარიმართოს ჩემი ცხოვრება. იფიქრეთ იესო ქრისტეს უსასყიდლო მადლის შესახებ მანამ, სანამ არ იგრძნობთ იმას, რომ შეგიძლიათ იმოქმედოთ დაფიქრებით, სტრატეგიულად და ბრძნული გაბედულებით.

ღვთიური მოტივაცია (მკაფიო ხედვა)

რასაც ვაკეთებ, ღმერთის სადიდებლად და სხვების სასიკეთოდ ვაკეთებ თუ ათასგვარი შიში, სხვების თვალში მოწონების მოპოვების სურვილი, კომფორტისა და სიადვილის სიყვარული, კონტროლის, ძალაუფლებისა და აღიარების წყურვილი, ან „კაცთა მოშიშება“ მამოძრავებს? შურით ხომ არ ვუყურებ ვინმეს? პირველივე შემთხვევისას ხომ არ ვნებდები გულისთქმისა და ღორმუცელობის ცდუნებას? ჩემი მოუწესრიგებელი სურვილების გამო, დროს სასწრაფო საქმეებზე ვხარჯავ მნიშვნელოვანი საქმეების ნაცვლად?

• ასე მოინანიეთ: როგორ უზრუნველმყოფს უფალი იესო იმით, რასაც მე სხვა რაღაცებში ვეძებ?

ილოცეთ: „უფალო იესო, დამეხმარე, რომ საკმარისად ბედნიერი ვიყო შენში იმისათვის, რომ თავი ავარიდო ცოდვას და საკმარისად ბრძენი ვიყო იმისათვის, რომ თავი ავარიდო საფრთხეს, რათა ყოველთვის ვაკეთო ის, რაც სწორია შენს თვალში. შენი სახელით ვლოცულობ, ამინ!“

ტიმ კელერი


ამავე კატეგორიის