რატომ არის მნიშვნელოვანი შობის დღესასწაული?

by თამუნა ბაღდავაძე
721 ნახვა

საშობაო საგალობლებში ჩვენ ყოველ წელს ვმღერით ქრისტეს შობის შესახებ…

აგრეთვე, რწმენის სიმბოლო – მრწამსი – მიუხედავად იმისა, რომ მასში შობა პირდაპირ არ არის ნახსენები, შობის შესახებ სწავლებას შემდეგი ფრაზით გამოხატავს: „გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცდა.“

ხორცშესხმა/განკაცება

თუ თქვენ გაიგებთ მნიშვნელობას სიტყვებისა: ხორცნი შეისხა და განკაცდა, მაშინ გაიგებთ იმასაც, თუ რას წარმოადგენს შობა. უხილავი ხილული გახდა და უხორცომ ხორცი შეისხა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი გახდა ადამიანი.

ეს სწავლება საკმაოდ კონკრეტული და უნიკალურია. მისი მეშვეობით გამოყოფილები ვართ წუთისოფლისგან. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც გვეშინია ღვთისმეტყველებაზე საუბრის, რადგანაც ის გამოგვაცალკევებს სხვა ადამიანებისგან.

აი, რატომ არის შობის შესახებ სწავლება უნიკალური. ერთი მხრივ, არსებობს ისეთი რელიგიები, რომელთა თანახმადაც, ღმერთი იმდენად იმანენტურია (ანუ, მყოფობს ყველაფერში, რაც ჩვენ ირგვლივაა), რომ ხორცის შესხმა ჩვეულებრივი რამ გახლავთ. თუ თქვენ ბუდისტი ან ინდუსი ხართ, თქვენთვის ღმერთი იმანენტურია ყველაფრისადმი. მეორე მხრივ, ისეთი რელიგიები, როგორებიცაა ისლამი და იუდაიზმი, ამბობენ, რომ ღმერთი იმდენად ტრანსცენდენტურია (შემეცნებისთვის მიუღწეველი) ყველაფრისადმი, რომ ხორცშესხმა შეუძლებელია.

ქრისტიანობა კი, მათგან განსხვავებით, უნიკალურია. ის არ ამბობს, რომ ხორცშესხმა ჩვეულებრივი რამაა, თუმცა არც იმას აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია. ქრისტიანობის თანახმად, ღმერთი საკმარისად იმანენტურია იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი იყოს, და ამავე დროს, იმდენად ტრანსცენდენტურია, რომ ღმერთის განკაცება (ხორცშესხმა) იესო ქრისტეს სახით წარმოადგენდეს მოვლენას, რომელმაც მთელი ისტორია გადაატრიალა, შეცვალა ცხოვრება და დაამსხვრია აზროვნების ჩარჩოები.

შობა არა მხოლოდ დოქტრინალური საკითხია, არამედ უდიდესი ისტორიული მოვლენაც. იესოს მოვლინება ბაგაში, მისი ცხოვრების ამბავი, ჯვარცმა და აღდგომა – ეს არ არის უბრალოდ ისტორია, ის ჭეშმარიტებაა. იგი სრულად ეწინააღმდეგება იმას, რისიც სწამს ერთ ჩვეულებრივ ადამიანს. ასეთ პიროვნებას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი იგავებია, მითებია, და რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა.

შობის არსი კი ის გახლავთ, რომ იესო ქრისტე მართლაც ცხოვრობდა და შემდეგ მართლაც აღესრულა ჯვარზე. ეს ნამდვილად მოხდა ისტორიაში. იესო მართლაც ახდენდა სასწაულებს, ის მართლაც ქადაგებდა სასუფეველზე…

თქვენ შეიძლება იფიქროთ: „კი მაგრამ, რა არის ამაში განსაკუთრებული? თქვენ ახლა უბრალოდ ქადაგებთ.“ ადამიანები ამბობენ: „მე მომწონს ის, რასაც იესო ასწავლიდა. მომწონს ამ ისტორიების არსი და მოწოდება – რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ვემსახურებოდეთ მოყვასს… მე ეს მომწონს… მაგრამ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ნამდვილად მოხდა ეს თუ არა. ღვთისმეტყველება სულაც არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია მხოლოდ ის, რომ იგი [იესო] კარგი ადამიანი იყო.“

უდიდესი ირონია ისაა, რომ ასეთი მოსაზრებანიც ღვთისმეტყველებაა და მას ეწოდება სწავლება საქმეებით გამართლების შესახებ. მის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ იესო მართლაც ცხოვრობდა იმ ცხოვრებით, რომლითაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, და მოკვდა იმ სიკვდილით, რომლითაც ჩვენ უნდა დავხოცილიყავით. მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ ისე ვიქცევით, როგორც ის გვასწავლიდა.

ეს არის სწავლება, რომელიც ამბობს: „მე არც იმდენად ცუდი ვარ, რომ ვინმე ჩემ ნაცვლად იყოს კეთილი. მე მაქვს უნარი, რომ ვიყო კეთილი. მე არ ვარ ღმერთს იმდენად განშორებული და არც ღმერთია იმდენად წმინდა, რომ ცოდვისთვის სასჯელი ჰქონდეს განწესებული.“

სახარების არსი არ არის ის, რომ იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე; გვითხრა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ; ჩვენც ვცხოვრობთ კეთილი ცხოვრებით და ახლა ღმერთი ვალდებულია – გვაკურთხოს. არა!  სახარება აცხადებს, რომ იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე; იცხოვრა იმ ცხოვრებით, რომლითაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, და მოკვდა ისეთი სიკვდილით, როგორი სიკვდილითაც ჩვენ უნდა დავხოცილიყავით. ამიტომაც, თუკი ჩვენ გვწამს მისი, ვცხოვრობთ კიდეც მისდამი მადლიერებითა და სიხარულით სავსე ცხოვრებით. ხოლო თუკი ეს ყველაფერი სინამდვილეში არ მომხდარა; თუკი ყოველივე ეს მხოლოდ იგავებია; გამოდის, თქვენ გწამთ იმის, რომ, დიდი მცდელობის შედეგად, შეძლებდით ღვთისთვის მოსაწონად ცხოვრებას.

თუკი იესო არ მოვლენილა, მაშინ შობის ისტორია უბრალოდ კიდევ ერთი მორალური პარადიგმა გამოდის, რომელიც დაგამსხვრევთ. იესო ნამდვილად რომ არ მოვლენილიყო დედამიწაზე, მე არ მენდომებოდა ისეთი საშობაო ისტორიების მოსმენა, რომლებიც გვასწავლის, რომ უნდა ვიყოთ მსხვერპლის გამღებნი; უნდა ვიყოთ თვინიერნი; რომ უნდა გვიყვარდეს… ერთადერთი, რასაც ეს ისტორიები მოგიტანდათ, იქნებოდა ის, რომ ისინი უბრალოდ დაგანგრევდათ. რადგანაც, თუ ის არ არის სიმართლე, რომ იოანემ იხილა იესო, ესმოდა მისი და შეიმეცნებდა მას; თუკი არ არის სიმართლე, რომ იესო მართლაც მოგვევლინა და აღასრულა თავისი საქმეები, მაშინ შობა მხოლოდ დეპერსიაში ჩაგვაგდებდა ადამიანებს.

1-ლი იოანეს 1:3 ამბობს: „ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.“  „მოზიარეობა“ ნიშნავს, რომ თუ იესო ქრისტე მოგვევლინა დედამიწაზე, და თუ შობა რეალურია, მაშ, გვაქვს საფუძველი, გვქონდეს ღმერთთან პირადი ურთიერთობა. ღმერთი აღარ არის შორეული იდეა ან უბრალოდ ძალა, რომლის წინაშეც ვთრთით, არამედ ჩვენ შეგვიძლია, ვიცნობდეთ მას პირადად. ოდესღაც მიუწვდომელი ახლა ხელმისაწვდომი გახდა ჩვენთვის.

თუკი იესო ქრისტე სინამდვილეში ხორცში მოსული ღმერთია, თქვენ გაცილებით მეტს იგებთ ღმერთის შესახებ. თქვენ ხედავთ, თუ როგორ ტირის ის, როგორ იტანჯება; რამდენად დამდაბლებულია და როგორ ამაღლდა ზეცად… თუკი იესო არის ის, რადაც თავს აცხადებს, ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, 500-გვერდიანი ავტობიოგრაფია ღმერთზე. ჩვენი აღქმა გაცილებით უფრო პირადი და კონკრეტული იქნება, ვიდრე ნებისმიერი ფილოსოფია ან რელიგია შეძლებდა ამის მოცემას.

შეხედეთ, რა მოიმოქმედა ღმერთმა, რომ თქვენ ის პირადად გაგეცნოთ. თუკი ღვთის ძემ განვლო მთელი ეს გზა, რათა გამხდარიყო რეალური პიროვნება თქვენთვის, არ ფიქრობთ, რომ სულიწმიდა გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ძალაშია, რათა აქციოს იესო ქრისტე თქვენს გულში რეალურ პიროვნებად?!..

შობა – ეს არის ერთგვარი მოსაწვევი, გაიცნოთ ქრისტე, როგორც პირადი მხსნელი. შობა გახლავთ მოსაწვევი ღმერთისგან, რომელიც ამბობს: „აი, რა მოვიმოქმედე, რათა თქვენთან ახლოს მოვსულიყავი. ახლა კი თქვენც მომიახლოვდით. მე არ მინდა, რომ მხოლოდ თეორიის დონეზე გქონდეთ ინფორმაცია ჩემ შესახებ; არამედ მინდა, რომ თქვენი მეგობარი ვიყო.“

ტიმ კელერი


ამავე კატეგორიის