„არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“

by დაჩი პაპაშვილი
291 ნახვა

ჩვენთან, სკოლაში იყო ერთი ბიჭი, სახელად ჩაკი, მთელი უბნის რისხვა. ის იყო პირველი, ვისზეც მოვისმინე პიტსბურგში. სანამ ჩვენ ჩემოდნების გახსნას მოვასწრებდით, გავიგე, რომ ჩაკი ყოველთვის სცემს ახალმოსულებს და მე უნდა ვყოფილიყავი განსაკუთრებით ფრთხილად, რადგან მას განსაკუთრებულად არ უყვარდა ხუცესთა შვილები.

მე არ მყავდა ნანახი თავად ჩაკი, მაგრამ იმ ხმების გამო, რომლებიც მასზე დადიოდა, უკვე მეშინოდა მისი. ამის შესახებ ღმერთს ვკითხე. პასუხიც სწრაფად მოვიდა და ის საკმაოდ ნათელი და მკაფიო იყო: „არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით.“ მე ვიცოდი ბიბლიის ეს ადგილი: ზაქარიას 4:6. იქიდან მოყოლებული ეს ნაწყვეტი გახდა ჩემი დევიზი. როდესაც დადგა ჩაკთან შეხვედრის დრო, მე გადავწყვიტე, სრულად დავყრდნობოდი უფლის ამ დაპირებას. ღმერთი თავად მომცემდა სითამამესა და გაბედულებას, რომელსაც ვერ შეედრებოდა ვერავითარი ძალა.

და ძალიან მალე მომეცა კიდევაც შესაძლებლობა, გამომეცადა ჩემი თეორია. ერთხელ, გაზაფხულზე, სკოლიდან მარტო გამოვედი. მე მეცვა ახალი ტანისამოსი, რაც გახლდათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ არ ჩავრთულიყავი ჩხუბში: ჩვენს ოჯახში ისედაც ძლივს შოულობდნენ ფულს ახალი ტანსაცმლის საყიდლად და მე არ უნდა გამეფუჭებინა ის ქუჩურ გარჩევებში.

და უეცრად მე შევნიშნე, რომ ჩემკენ მოემართებოდა ვიღაც ბიჭი. დავინახე, რომ ეს ჩაკი იყო. ის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მოდიოდა; რომ დამინახა, მომვარდა, როგორც გამხეცებული ხარი. ჩაკი ძალიან დიდი იყო. ის, ალბათ, 50 ფუტით მეტს იწონიდა ჩემზე. ის იმდენად მაღალი იყო ჩემზე, რომ მომიწია კისრის გაჭიმვა, რომ მისთვის თვალებში ჩამეხედა.
ჩაკი გაჩერდა ჩემ წინ.

– შენ ხუცესის შვილი ხარ?!

ეს ჟღერდა არა როგორც კითხვა, არამედ უფრო როგორც გამოწვევა, და სიმართლე რომ ვთქვა, იმ მომენტში ძალიან შემეშინდა. „არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“, მე ისევ და ისევ ვიმეორებდი ამ ნაწყვეტს, ვიდრე ჩაკი ყურადღებით მიყურებდა, მამოწმებდა და გამოთქვამდა თავის აზრს ჩემზე. უპირველესად მან თქვა, რომ მე სულელურად გამოვიყურებოდი ახალ ტანისამოსში; შემდეგ მან საკმაოდ სამართლიანად აღნიშნა, რომ მე სუსტი და მშიშარა ვიყავი. ამის შემდეგ მან თქვა რამდენიმე სიტყვა ზოგადად ხუცესთა შვილებზე.

„ჩემი სულითო,” – ამბობს უფალი… მე არ წარმომითქვამს ეს ხმამაღლა, მაგრამ ჩემ შიგნით რაღაც უცნაური ხდებოდა. ვგრძნობდი, რომ ჩემი შიში ქრებოდა და მის ნაცვლად მავსებდა სიმტკიცე და სიხარული. შევხედე ჩაკს და გავიღიმე. ჩაკი წყობიდან გამოდიოდა მეტად და მეტად. მის სახეს სისხლი მოაწვა, ის აშკარად მიწვევდა ჩხუბში. მე კი ისევ ვიღიმოდი. ჩაკმა დაიწყო ჩემ ირგვლივ სიარული მომზადებული მუშტებით. მაგრამ მის სახეზე შეიმჩნეოდა შფოთვა. ის ხედავდა, რომ რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო მის წინ მდგომ პატარა ბიჭუნას არ ეშინოდა. მეც დავდიოდი მის კვალდაკვალ ისე, რომ არ ვწყვეტდი მას მზერას და სულ ვიღიმოდი.

ბოლოს და ბოლოს ჩაკმა დამარტყა. ეს იყო არამტკიცე, მსუბუქი დარტყმა, რომელმაც ტკივილიც კი ვერ მომაყენა და მე არ წავქცეულვარ. ჩუმად გავიცინე. ჩაკმა შეწყვიტა ჩემ ირგვლივ სიარული. მან დაუშვა მუშტები, გაბრუნდა და წავიდა ჩემგან – გამეცალა.

მეორე დღეს სკოლაში ყველა მხოლოდ იმას საუბრობდა, რომ მე ადგილი მივუჩინე ყველაზე ძლიერ ყოყოჩს და მოჩხუბარს. ჩაკს თავად მოეყოლა ამის შესახებ. მან თქვა, რომ მე ვიყავი ყველაზე ჯიუტი ბიჭი, რომელთანაც ის ამიერიდან აღარასოდეს იჩხუბებდა.

არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ზაქარიას 4:6

დევიდ უილკერსონი


ამავე კატეგორიის