გატეხილ გულში ჩამოწოლილი ბურუსი. ეს არის სქელი ბურუსი, რომელიც მზაკვრულად ატყვევებს სულს და რომლისგანაც ადვილად ვერ დაიხსნი თავს. ეს არის შავი ღრუბელი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოწვეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. დეპრესია, სასოწარკვეთილება, იმედგაცრუება, ეჭვი… ყოველივე ეს თან სდევს ჩვენს აუტანელ ყოფას.
დამსხვრეულ გულში ჩამოწოლილი ბურუსი თავგზას გვიბნევს. ხელს გვიშლის გზის დანახვაში. სინათლეს გვიბნელებს. ახლო განათების ფარები ჩართეთ. გაწმინდეთ საქარე მინა. სიჩქარე შეანელეთ. გააკეთეთ, რაც გნებავთ, მაგრამ საშველი არ ჩანს. როდესაც ამ ბურუსში ვეხვევით, თვალთახედვა გვიბნელდება და მომავალი უსასრულოდ შორეული ხდება. როდესაც მოზღვავებულ სიბნელეში ვეხვევით, დახმარებისა და იმედის ყველაზე გულწრფელი სიტყვებიც კი ცარიელი ფრაზებად გვეჩვენება.
თუ უღალატია მეგობარს თქვენთვის, გეცოდინებათ, რასაც ვგულისხმობ. თუ ოდესმე მეუღლეს მოუსროლიხართ, ან მშობელს მიუტოვებიხართ, მაშ, ნანახი გექნებათ ეს ბურუსი. თუ ოდესმე მიგიყრიათ მიწა საყვარელი ადამიანის საფლავისათვის, ან გიფხიზლიათ ძვირფასი ადამიანის საწოლთან ჩამომჯდარს, მაშ, თქვენთვისაც ნაცნობი იქნება ეს ღრუბელი.
თუ გამოგივლიათ ამ ბურუსში, ან თუ ახლა დადიხართ მასში, შეგიძლიათ, ერთ რამეში დარწმუნებული იყოთ − მარტონი არ ხართ.
საავდრო ღრუბლის გამოჩენას გამოცდილი კაპიტნისთვისაც კი გაუძნელებია მიმართულების გარკვევა. როგორც ერთმა კომიკოსმა თქვა: „გატეხილი გული რომ სარეკლამო რგოლი იყოს, ყველანი ტელევარსკვლავები ვიქნებოდით.“
გაიხსენეთ გასული ორი ან სამი თვე. რამდენ გატეხილ გულს შეხვდით? რამდენი დამსხვრეული სული ნახეთ? რამდენი ტრაგიკული ისტორია წაიკითხეთ?
ჩემი დასკვნაა − სიფხიზლე.
ქალი, რომელმაც დაკარგა მეუღლე და ვაჟი, მოულოდნელად მომხდარ ავტოავარიაში.
სამი შვილის მშვენიერი დედა, რომელიც ქმარმა მიატოვა.
სკოლის ავტობუსიდან ჩამოსული ბავშვი, რომელიც ნაგვის მანქანამ იმსხვერპლა და მისი მომლოდინე დედა, რომელიც ამ ტრაგედიის მოწმე გახდა.
მშობლები, რომლებმაც საკუთარი მოზარდი შვილი მკვდარი ნახეს სახლის უკან, ტყეში. საკუთარივე ქამრით ჩამომხრჩვალი.
სია ნამდვილად გრძელია, ასე არაა? უბედური შემთხვევები. როგორ იჭრებიან ჩვენს თვალსაწიერში და ანადგურებენ ჩვენს ოცნებებს. დაივიწყე ნებისმიერი დიდი იმედი, რომ ხმას მიაწვდენ მსოფლიოს. დაივიწყე ნებისმიერი გეგმა საზოგადოების შეცვლის შესახებ. დაივიწყე ძლიერი სურვილი იმისა, რომ მთები გადადგა. ყველაფერი დაივიწყე.
ოღონდ დამეხმარე, რომ ეს ღამე გადავიტანო!
გატეხილი გულის ტანჯვა…
სულ რამდენიმე წუთით გამომყევით იმისათვის, რომ ვიხილოთ, რომელი იყო ყველაზე ბურუსიანი ღამე კაცობრიობის ისტორიაში. სცენა ნაცნობია. ადვილად მიხვდებით. ზეთისხილის დაგრეხილი ხეები. დიდი ქვებით მოფენილი მიწა. დაბალი ქვის ღობე. კუნაპეტი ღამე.
ახლა კი შეხედეთ. გაიხედეთ ფოთლებს შორის… ხედავთ იმ პიროვნებას? ხედავთ მას განმარტოებით მდგარს? რას აკეთებს? მიწაზე რომ განრთხმულა. მისი სახე ერთმანეთში არეული ტალახითა და ცრემლით არის დაფარული. მიწას მუშტებს ურტყამს. თვალებში შიშის ზარი ჩასდგომია. თმა მარილიან ოფლს დაუფარავს… ნუთუ სისხლია მის შუბლზე?
ეს იესოა. იესო გეთსიმანიის ბაღში.
შესაძლოა, გინახავთ გეთსიმანიის ბაღში მყოფი ქრისტეს კლასიკური გამოსახულება. დიდი ლოდის გვერდითაა დაჩოქილი. თოვლივით თეთრ სამოსში. ლოცვის ნიშნად მშვიდად ზეაღმართული ხელები. უშფოთველი გამომეტყველება. შარავანდედი ადგას თავზე. ზეციდან გარდმომავალი სინათლე უნათებს მოოქროსფერო-ყავისფერ თმას.
არა, ფერმწერი არ ვარ, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია. ადამიანს, ვინც იესო ასე დახატა, მარკოზის სახარება არ წაუკითხავს. ვნახოთ, რას წერს მარკოზი ამ მტანჯველი ღამის შესახებ:
ისინი მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია; უთხრა თავის მოწაფეებს: ‘აქ დასხედით, ვიდრე ვილოცებდე.’ თან გაიყოლა პეტრე, იაკობი და იოანე და იწყო წუხილი და ურვა. ‘სიკვდილამდეა დამწუხრებული ჩემი სული’; ‘აქ იყავით და იფხიზლეთ’. ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუკი შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი. ‘აბბა, მამაო’, მან თქვა, ‘ყოველივე შესაძლებელია შენთვის. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც – შენ’. შემდეგ დაბრუნდა თავის მოწაფეებთან და იპოვა ისინი მძინარენი. ‘სიმონ, გძინავს? ვერ შეძელი, ერთ საათს გეფხიზლა? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში. სული მოშურნეა, ხოლო ხორცი უძლური’. კვლავ წავიდა და იმავე სიტყვებით ლოცულობდა. როდესაც დაბრუნდა, კვლავ მძინარენი პოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის. მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: ‘ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა! მოვიდა ჟამი. აჰა, ცოდვილთა ხელს გადაეცემა ძე კაცისა. ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი’.
შეხედეთ ამ სიტყვებს: „სიკვდილამდეა დამწუხრებული ჩემი სული“; „ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა“.
ჰგავს ეს იმ იესოს, რომელიც წმინდანის გამომეტყველებით მშვიდად ლოცულობს? ნაკლებად. მარკოზი მუქ ფერებში გვიხატავს ამ სცენას. ჩვენ ვხედავთ „გატანჯულსა და დასნეულებულს“. ვხედავთ კაცს, რომელიც ებრძვის შიშს, რომლის სულშიც ჭიდილია ღვთის ნებასა და ტკივილის შიშის მოლოდინს შორის. ვხედავთ, რომელიც შვებას ნატრობს.
ჩვენ ვხედავთ იესოს ბურუსით მოცულ, გატეხილ გულს.
მან თავისი ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დახსნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო.
მოგვიანებით, ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი დაწერს:
ღმერთო ჩემო, რა სურათია! იესო იტანჯება. იესოს ეშინია. იესოს წმინდანის უშფოთველი შარავანდედი არ მოსავს ამ დროს… მასში ადამიანურობა მძლავრობს.
მაშინ, როცა ბურუსი ჩამოწვება თქვენს ცხოვრებაში, აუცილებლად გაიხსენეთ გეთსიმანიის ბაღში მყოფი იესო. მაშინ, როცა იფიქრებთ, რომ არავინ გისმენთ, წაიკითხეთ მარკოზის სახარების მე-14 თავი. იმ დროს, როდესაც საკუთარი თავის სიბრალული გაფიქრებინებთ, რომ არავის აღელვებთ, გაიხსენეთ გეთსიმანიის ბაღი. იმ დროს, როდესაც ეჭვი შეგეპარებათ იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად ესმის თუ არა ღმერთს ამ მტვრიან პლანეტაზე მოზღვავებული ტკივილი, ყური დაუგდეთ მას, ვინც ზეთისხილის ხეებს შორის აღავლენს ვედრებას ღვთის წინაშე.
ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი უფლის დანახვა საოცრად გვეხმარება ტანჯვისას. ღმერთი არასოდეს ყოფილა უფრო მეტად ადამიანური, ვიდრე იმ წუთებში. ღმერთი არასდროს ყოფილა უფრო ახლოს ჩვენთან, როგორც მაშინ, როცა სტკიოდა. განკაცება სწორედ გეთსიმანიის ბაღში წარმოჩნდა მთელი სრულყოფილებით.
ამრიგად, ტკივილის ბურუსში გატარებული დრო, შესაძლოა, უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი იყოს. ეს შესაძლოა იყოს ის წუთი, როცა პირისპირ ვიხილავთ ჩვენს შემოქმედს. თუ სიმართლეა ის, რომ ტანჯვისას ღმერთი ყველაზე მეტად ადამიანური იყო, იქნებ, ჩვენი ტანჯვისას შევძლოთ, ვიხილოთ ღმერთი ისეთი, როგორიც არის იგი.
თუ დამსხვრეული ოცნებებით სავსე ბურუსში დადიხართ, გახსოვდეთ: ტანჯვისას, შესაძლოა, ყველაზე მეტად მიუახლოვდეთ ღმერთს. კარგად დააკვირდით, შესაძლოა, ხელი, რომელიც ბურუსშია თქვენკენ გამოწვდილი, რათა ამ ბურუსიდან გაგიყვანოთ, იესოს ნამსჭვალევი ხელი იყოს.