„იესოს ხელი შენც შეგეხება!“

by ნინო ხუროშვილი
525 ნახვა

კუთხეში მჯდომმა მოხუცმა კაცმა ვერ შეამჩნია იგი. ვერც ლეღვის გამყიდველმა ქალმა დაინახა. იესომ მისი გარეგნობა აღუწერა მწიგნობრებს და ეზოში მოთამაშე ბავშვებს. „აი, ამსიმაღლეა. დახეული ტანსაცმელი აცვია. წვერი მუცლამდე აქვს დაფენილი.“

არავინ არაფერი იცოდა.

იესო იერუსალიმის ქუჩებში დილიდან შუადღემდე დაეძებდა მას. არ უსადილია. არც შეუსვენია. მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა, როცა გამვლელს ეკითხებოდა: „უკაცრავად, ის კაცი ხომ არ გინახავთ, აქვე კუთხეში მჯდარი რომ მათხოვრობდა?“

ბოლოს, ერთმა ბიჭუნამ მიასწავლა მისი ადგილსამყოფელი. იესო უკანა ქუჩის გავლით გაემართა ტაძრისაკენ და ორ ვირს შორის ჯირკზე მჯდომი კაცი შენიშნა. ქრისტე ზურგიდან მიუახლოვდა მას და მხარზე ხელი დაადო. „აი, სად ყოფილხარ! ყველგან გეძებდი!“ კაცი მიბრუნდა. მის წინ იდგა ის, ვისი წყალობითაც ის ცხოვრებაში პირველად დაინახავდა სამყაროს. ამის შემდეგ რაც მოხდა, ძნელი დასაჯერებელია.

იოანე თავისი სიტყვებით აღგვიწერს ამ კაცს:

მიმავალმა [იესომ] დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა.

იოანე 9:1

ამ კაცს არასოდეს ენახა მზის ამოსვლა. არც ფერებს შორის განსხვავება იცოდა. მოწაფეებმა ოჯახს დააბრალეს მისი მდგომარეობა:

რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?

იოანე 9:2

„არც ერთმა“, პასუხობს ღმერთკაცი. რატომ დაიბადა ეს კაცი ბრმა? რათა ღვთის საქმენი გამოცხადებულიყო მასში“ (9:3).

ამორჩეული ტანჯვისათვის. დაფიქრდით ამ უმადური როლის შესახებ. ზოგნი ღვთის დიდებას უმღერიან. ვის უნდა, რომ ბრმა იყოს ღვთის სადიდებლად? რომელი უფრო ძნელია: თავად სიბრმავე თუ იმის გაგება, რომ ეს ღმერთის განზრახვა იყო?

იესომ მიწაზე დაანერწყვა.

წამალიც ისეთვე გამაოგნებელი აღმოჩნდა, როგორც სიბრმავის გამომწვევი მიზეზი.

[იესომ] მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას.

იოანე 9:6

მსოფლიოში ღმერთკაცის უამრავი გამოსახულებაა: ჩვილი იესო მარიამის მკლავებში, იესო გეთსიმანიის ბაღში, ზემო თვალში უკანასკნელი სერობისას, ბნელ სამარხში. გამოსახულება, სადაც იესო ეხება ადამიანებს. მოტირალი იესო, მოცინარი იესო…. იესო, რომელიც ასწავლის ხალხს.. მაგრამ არასოდეს მინახავს ნახატი, სადაც გამოსახულია, როგორ ანერწყვებს იესო მიწაზე.

შემდეგ იესო ეუბნება კაცს:

…წადი და მოიბანე შილოახის საბანელში

იოანე 9:7

მათხოვარი მიდის საბანელთან, სახეზე წყალს ისხამს და იშორებს ტალახს. და როგორც დაბადების წიგნშია აღწერილი: იყო სიბნელე და შემდეგ იქმნა ნათელი. თვალი ნელ-ნელა შეეჩვია სინათლეს. ჯერ ბუნდოვნად, შემდეგ კი უკვე მკაფიოდ გაარჩია ადამიანთა გამოსახულებანი. იოანე წერს: „და მოვიდა თვალახელილი“ (9:7).

კარგი რა, იოანე! ნუთუ სიტყვები გამოგელია? არ ჯობდა გეთქვა: „მთელი სისწრაფით გამოიქცა თვალახელილი“? ან „სიხარულისგან გაგიჟებული ყვიროდა, ხტუნავდა და ყველაფერს კოცნიდა, რასაც ცხოვრებაში პირველად ხედავდა“? ეს კაცი ხომ აღფრთოვანებული იქნებოდა!

ახლა მეზობლების რეაქციას შევხედოთ.

მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: ’ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?’ ერთნი ამბობდნენ: ‘ეს სწორედ ისააო. სხვებმა თქვეს: ‘არა, მაგრამ იმას ჰგავსო.’ მან კი თქვა: მე ვარო’.

იოანე 9:8-9

ადამიანებს კი არ უხაროდათ, ისინი კამათობდნენ! უყურებდნენ, როგორ დადიოდა ის ხელის ცეცებით ბავშვობიდან (მუხლი 23) და ალბათ, იფიქრებთ, რომ უნდა გახარებოდათ ეს ამბავი, მაგრამ არა! ნაცვლად ამისა, ტაძარში წაიყვანეს შესამოწმებლად. როცა ფარისევლებმა ჰკითხეს მას მომხდარის შესახებ, კაცმა მიუგო:

…ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.

იოანე 9:15

აი, ახლა ტაშის ხმას გავიგონებთ… მაგრამ არავინ ჩანს… არავითარი აღიარება. არავითარი ზეიმი.

შაბათი იყო ის დღეს, იესომ რომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა… თქვეს ზოგიერთმა ფარისველთაგან: ‘ეს კაცი არ არის ღვთისაგან, რაკი შაბათს არ ინახავს’…

იოანე 9:14; 16

არავინ იზეიმებდა ამ სასწაულს ამ კაცთან ერთად? მეზობლებს არ გახარებიათ, არც ფარისევლებს. ერთი წუთით, აი, მისი მშობლები მოდიან, თუმცა მათი რეაქცია კიდევ უარესი აღმოჩნდა.

ფარისევლებმა იმ კაცის მშობლებს უხმეს, ვისაც თვალი აუხილა იესომ და ეკითხებოდნენ: „ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“

მშობლებმა მიუგეს:

’ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა, მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. ხომ სრულწლოვანია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე.’ ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რადგან ეშინოდათ იუდეველებისა. ვინაიდან უკვე შეთქმულიყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა.

იოანე 9:19-22

როგორ შეეძლოთ ასე მოქცევა? კი, სინაგოგიდან მოკვეთა სერიოზული ამბავია, მაგრამ საკუთარი შვილის დახმარებაზე უარის თქმა უფრო სერიოზული რამ არ არის?

არავის დაუნახავს იგი.

ვინ იყო იმ დღეს ნამდვილად ბრმა? მეზობლებმა ვერ დაინახეს კაცი; მათ მხოლოდ სიახლე შენიშნეს. ვერც ტაძრის წინამძღოლებმა შეამჩნიეს ის… მათ მხოლოდ საქმის ფორმალური მხარე დაინახეს. მშობლებმაც ვერ დაინახეს საკუთარი შვილი, მათ მხოლოდ სოციალური პრობლემა შეამჩნიეს. ვერავინ დაინახა ის კაცი „და გარეთ გააგდეს იგი“ (9:34).

და აი, დგას კაცი იერუსალიმის ვიწრო ქუჩაში. საგონებელში ჩავარდნილი. დაბადებული იმისათვის, რომ განკურნებულიყო. ტაძრიდან გამოგდებული იმისათვის, რომ მარტო დარჩენილიყო. ეს ყველაფერი შაბათ დღეს მოხდა. ახლა ის ვეღარ იმათხოვრებდა. როგორ იგრძნობდა თავს ამ დროს?

(თქვენც კარგად გეცოდინებათ ეს. ვიცნობ კაცს, რომელმაც ოთხი შვილი დამარხა. ვიცნობ მარტოხელა დედას, რომელიც ორ აუტისტ ბიჭს ზრდის. მეზობელი დავკრძალეთ, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, ამან გულის პრობლემა და შემდეგ პნევმონია გამოიწვია. მისი ავადმყოფობის ისტორია სატელეფონო წიგნივით სქელტანიანი იყო. აქცევს ვინმეს ყურადღებას მათ?)

იესომ იცის, რას გრძნობენ ისინი; მან იცის, სად არიან ისინი.

იესომ, რომ გაიგო, გარეთ გამოაგდესო, მონახა იგი…

იოანე 9:35

მათხოვარმა თვალები აღაპყრო და იხილა მისი სახე, ვინც ეს ყოველივე გამოიწვია მის ცხოვრებაში. რას იზამს ის? გააკრიტიკებს ქრისტეს? შესჩივლებს მას? ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაამტყუნებთ მას. ბოლოსდაბოლოს, მისი ბრალი არ ყოფილა ის, რომ ბრმად დაიბადა და არც ის, რომ განიკურნა. თუმცა კაცი არც აკრიტიკებს იესოს და არც წუწუნებს. ნაცვლად ამისა მან „თაყვანი სცა მას“ (9:38).

და როცა ქრისტეს იხილავთ, თქვენც ასევე მოიქცევით.

ისევე, როგორც ის ბრმა კაცი მოძებნა, ასევე გეძებთ თქვენც ქრისტე. ხელი, რომელიც კაცს შეეხო მხარზე, შეგეხებათ თქვენც. სახე, რომელმაც შეცვალა ბრმადშობილის ცხოვრება, თქვენს ცხოვრებასაც შეცვლის.

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის