„მამაო, მიუტევე მათ…“

by მათე თხელიძე
377 ნახვა

დიალოგი პარასკევს დილით.

პარასკევი დილა მწარე იყო.

შეკრებილები ეუბნებოდნენ: „გადმოდი ჯვრიდან, თუ ღვთის ძე ხარ!“

რელიგიური წინამძღოლები ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა და საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია!“

ჯარისკაცებისგან ესმოდა: „შენ თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი საკუთარი თავი!“

მწარე სიტყვები. გულისმომკვლელად დამცინავი. სიძულვილით აღსავსე უტიფარი სიტყვები. განა საკმარისი არ იყო ის, რომ ჯვარს აცვეს? განა არ იყო საკმარისი ის, რომ დამნაშავესავით შეარცხვინეს? ლურსმნებიც არ კმაროდა? ეკლის გვირგვინი ნუთუ რბილი იყო? გამათრახებაც ცოტა იყო?

ზოგიერთისთვის, მართლაც ცოტა იყო და არ კმაროდა…

ჯვრის ირგვლივ დატრიალებული მოვლენებიდან, ყველაზე მეტად ერთი რამ მაბრაზებს.
ეს რა ადამიანები არიან, მომაკვდავს რომ დასცინიან? – ვეკითხები ჩემს თავს. ვინ უნდა იყოს ისეთი უღირსი, რომ გახსნილ ჭრილობებზე გაკიცხვის მარილი მოაყაროს ადამიანს? რა სულმდაბალი და გადაგვარებული უნდა იყოს ის, ვინც გესლიანად დასცინებს ტკივილისგან გატანჯულს…

იმ დღეს ნასროლი ყოველი სიტყვა თითო ჭრილობა იყო მისთვის… არაფერია იმაზე უფრო მტკივნეული, ვიდრე გულში სასიკვდილოდ დამიზნებული სიტყვები.

შენ თუ იტანჯე ან თუ იტანჯები ვიღაცის სიტყვების გამო, გაგიხარდება იმის გაგება, რომ არსებობს მალამო შენი ღია იარისთვის. წაიკითხე ეს სიტყვები და დაფიქრდი:

რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს.

1 პეტრე 2:23

დაინახე, რა არ გააკეთა იესომ? მას შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ უპასუხია. მას საპასუხოდ არ გაულანძღავს. არ უთქვამს: „ჩემი დროც მოვა!“ „ამოდით აქ, ჯვარზე და პირში მითხარით ეგ სიტყვები!“ „ჯერ დამაცადეთ, აღდგომის შემდეგ გიჩვენებთ სეირს!“ არა, ქრისტეს მსგავსი არაფერი დასცდენია.

დაინახე, რა გააკეთა იესომ? ის „მიენდო სიმართლით განმკითხველს“, ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მან გასამართლება და განკითხვა ღმერთს მიანდო. მას არ უცდია, რომ შური ეძია. არც ბოდიშის მოხდა მოუთხოვია მათგან, არამედ, გამაოგნებელია, მაგრამ ის პირიქით მოიქცა. მათ დასაცავად წარმოთქვა სიტყვები:

მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ…

ლუკა 23:34

„არ იციან, რას აკეთებენ…“

მათ მცირედი წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმის შესახებ, რას აკეთებდნენ. ეს იყო შეშლილი ბრბო, განრისხებული იმაზე, რასაც ვერ ხედავდნენ და ამის გამო მათ ის აწამეს, მაგრამ არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ.

დიახ, იმ პარასკევს დილით გამართული დიალოგი მწარე იყო. სიტყვის ქვები მწარედ ხვდებოდა მას. როგორ შეეძლო იესოს, ტკივილებისგან დაკრუნჩხულს, საკუთარი სისხლით თვალებამოვსებულს, ფილტვებდაბეჟილს და სუნთქვაშეკრულს, წარმოეთქვა სიტყვები უგულო ავაზაკთა დასაცავად? ეს ჩემი გაგების უნარს აღემატება. არასოდეს, არასოდეს მინახავს მსგავსი სიყვარული. ოდესმე თუ ვინმეს ჰქონია შურისძიების სამართლიანი მიზეზი, ეს იესო იყო, მაგრამ მას შურისძიებისთის არ მიუმართავს. ნაცვლად ამისა, ის მოკვდა მათთვის. როგორ შეეძლო მას ეს? არ ვიცი. ვიცი ის, რომ უცბად ჩემი ყველა ჭრილობა უმტკივნეულოდ მომეჩვენა. მივხვდი, რომ ყველა ჩემი ტკივილი და უკმაყოფილება ბავშვური თამაში იყო.

ხანდახან ვფიქრობ, რომ ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა სიყვარული გამოხატა ქრისტემ იმ ხალხის მიმართ და ვფიქრობთ, რომ მისი ჩვენდამი სიყვარული უფრო მეტად მის ტკივილებში გამომჟღავნდა.

გასაოცარი მადლი.

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის