ამიტომ არ ვცხრებით… ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის.
„რატომ მე?“
თუ თქვენ აქამდე არ დაგისვამთ ეს კითხვა, უბრალოდ დაიცადეთ. როდესაც ცხოვრებისეული გარემოებანი აუტანელი ხდება, ადამიანთა უმეტესობა, საბოლოოდ, მაინც კითხულობს: „რატომ მე?“ მაგრამ ეს არასწორი კითხვაა. ნაცვლად ამისა, ჰკითხეთ ღმერთს: „ღმერთო, რა არის შენი მიზანი ამ ყოველივეში?“
I პეტრეს 1-ლი თავის მე-6 და მე-7 მუხლებში დაწერილია:
ამაზე ილხინეთ, თუმცა ამჟამად მრავალგვარ განსაცდელში მცირე ხანს უნდა გაწვალდეთ, რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა ხრწნად ოქროზე ძვირფასი, რომელიც ცეცხლში იცდება, ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას.
ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ღმერთი ბოროტებას არ გვიკეთებს, მაგრამ მას შეუძლია სიკეთის გამოღება ყველაფრისგან, ბოროტებისგანაც კი. განსაცდელი ხსნის ჩვენს ხასიათს, მოწიფულობას, დაჯერებულობას, ფასეულობებს და რწმენას.
ბიბლიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად გვევლინება პავლე მოციქული. მან მთელი თავისი ცხოვრება უფლის მსახურებას მიუძღვნა; მაგრამ ბევრ ასპექტში პავლეს ცხოვრება იმაზე უარესი იყო, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ქვებით ჩაქოლეს, გაამთრახეს, სცემეს, სასიკვდილოდაც მიატოვეს, გემის მსხვრევაც განიცადა, გაქურდვაც და საპყრობილეშიც ყოფილა გამომწყვდეული; მაგრამ მას არასოდეს უგლოვია. ნაცვლად იმისა, რომ ეკითხა: „რატომ მე?“, ის ღვთის ჩანაფიქრის აღსრულებას მოელოდა და ენდობოდა მას. ის მიჩვეული იყო, ღმერთს მინდობოდა მაშინაც კი, როცა არ ესმოდა თავის ცხოვრებაში არსებულ პრობლემათა გამომწვევი მიზეზი.
რა იყო მისი მუდმივობის საიდუმლო?
ამიტომ არ ვცხრებით… ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის.
შეგიძლიათ ჩაეჭიდოთ იმედს, რადგან ღმერთს აქვს მიზანი და ჯილდოც კი, რომელიც ბევრად აღემატება თქვენს ტკივილს.
მაშინ, როდესაც უფალი იესო ჯვარზე მოკვდა, მისმა მიმდევრებმა იფიქრეს, რომ ეს უაზრო ტრაგედია ნამდვილი შეცდომა იყო. მათ არ შეეძლოთ იმის დანახვა, რომ ღმერთი კვლავ თავისი დიდების ტახტზე იჯდა და ასრულებდა უდიდეს მიზანს. თავისი აღდგომის შემდეგ იგი გამოეცხადა თავის მოწაფეებს და უთხრა:
მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.
სულ რამდენიმე წუთით ადრე ისინი ვერ პოულობდნენ თავიანთი ტკივილის მიზეზს, მაგრამ აი, იესო წარდგა მათ წინაშე და უთხრა, რომ ღმერთი აძლევდა მათ ახალ დანიშნულებას; დანიშნულებას, რომელიც დიადი მიზნის შემადგენელი ნაწილი იყო.
თქვენი ცხოვრებისათვის განკუთვნილი უფლის მიზანი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი პრობლემები. მიენდეთ მას. მას შეუძლია ჯვარცმა აღდგომად აქციოს. მას ძალუძს ყველაზე უიმედო სიტუაციების საპირისპიროდ შემობრუნება.
მსჯელობისა და ფიქრისთვის:
– რა გარემოებაში ყოფნისას დაგისვამთ კითხვა: „რატომ მე?“
– როდის გამხდარხართ მოწმე იმისა, რომ ღმერთს, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობა სიკეთედ მოუქცევია თქვენთვის?
– თქვენი ცხოვრების რომელ სფეროსთან დაკავშირებით უნდა დასვათ კითხვა: „ღმერთო, რა არის შენი მიზანი?“