„რატომ გვწვრთნის ღმერთი ტკივილის მეშვეობით?“

by მათე თხელიძე
699 ნახვა

თქვენ მიერ გადატანილი ტკივილი და ტანჯვა ხშირად ემსახურება თქვენს ცხოვრებაში ღმერთის ნების აღსრულებას. განვლილი სირთულენი უკვალოდ არ ქრება.

ტკივილი თუ გამოგიცდიათ, ღმერთს სურს, რომ სხვებსაც დაეხმაროთ ამის გადატანაში. ღმერთს შეუძლია, თქვენი პრობლემები გამოიყენოს იმისთვის, რომ მსახურება ჩაგაბაროთ. ის, რისიც ყველაზე მეტად გრცხვენიათ ან გეშინიათ, შესაძლოა, თქვენი ყველაზე დიდი მსახურების საფუძველი გახდეს, მსახურებისა, რომელიც სხვების დახმარებისკენ არის მიმართული.

ვინ დაგეხმარებათ უკეთ ფინანსურ საკითხებში: ის, ვინც არასდროს გაკოტრებულა, თუ ის, ვისაც ფინანსური წნეხი და კრიზისი გამოუცდია? ვინ მოგცემთ უკეთეს რჩევას: ის, ვისაც არასდროს უბრძოლია დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად, თუ ის, ვინც იბრძოდა მის წინააღმდეგ?

ვინ დაეხმარება იმ მშობლებს განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე ბავშვის აღზრდაში, თუ არა ის, ვინც ასეთი ბავშვი თავად აღზარდა? ვინ ანუგეშებს მშობელს, რომელმაც შვილი დაკარგა, თუ არა ის, ვინც თავად განიცადა შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი?

ზუსტად ის, რაც გვძულს საკუთარ ცხოვრებაში, ღმერთს სურს სხვებისთვის კურთხევად აქციოს.

ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი არის:

ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი… და აჰა, თუ გასაჭირში ვართ, ეს თქვენი ნუგეშისცემისა და ხსნისათვის არის, რომელიც ხდება იმავე ტანჯვათა თმენით, რომლითაც ჩვენც ვიტანჯებით.

2 კორინთელთა 1:4, 6

ეს არის ის, რაც იესომ გააკეთა ჩვენთვის. ის ჯვარს ეცვა და დაუმსახურებლად აღესრულა, დაითმინა ტკივილი, რათა გადარჩენა და ხსნა მოეტანა თითოეული ჩვენგანისთვის.

ცხოვრებაში უამრავი მიზეზი იწვევს ტკივილსა და ტანჯვას. ზოგჯერ თავად ვართ ამის მიზეზი, რადგან ხშირად უცაბედ და არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომლებიც ტკივილს გვაყენებს. თქვენს ხელთ არსებულ ფინანსებს თუ არასწორად დააბანდებთ საქმეში, რომელიც, თქვენი აზრით, მომგებიანია, ხოლო შემდეგ სახლს დაკარგავთ, ვერ იტყვით: „რატომ, უფალო?“

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის