„რატომ ცხოვრობდნენ პირველი ადამიანები დიდხანს?“

by ნატალია ჩიქოვანი
844 ნახვა

რატომ არის დღეს ჩვენი ცხოვრება ხანმოკლე? თუ წაიკითხავთ დაბადების პირველ თავებს, ნახავთ, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ სამას, ოთხას და ცხრაას წლამდეც კი, ჩვენი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 70-80 წელია. 

კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ ცხოვრობდნენ ადამიანები ძველად დიდხანს, შებრუნებული კითხვაა იმის თაობაზე, თუ რატომ ვცხოვრობთ ჩვენ გაცილებით ნაკლებ ხანს. 

დაბადების წიგნის მე-5 თავში ვკითხულობთ, რომ ადამმა 930 წელი იცოცხლა, მისმა ვაჟმა შეთმა – 912 წელი, შეთის შვილმა – 910, მეთუშალახმა – 969, ნოემ – 950 წელი. წარღვნის შემდეგ ვხედავთ, რომ ნოეს შვილი სემი 600 წლის განმავლობაში ცხოვრობს, მისი ვაჟი – 438 წელიწადს, თერახი (აბრაამის მამა) – 205 წელს. ვიცით, ისრაელის პატრიარქების ასაკიც: აბრაამი – 175, ისააკი – 180, იაკობი – 147. ეგვიპტეში 400-წლიანი მონობის შემდეგ ვხედავთ, რომ მოსე 120 წელს ცოცხლობს, იესო ნავეს ძე – 110 წელს. ისრაელის მეფეთა პერიოდს მივადექით. დავითი გარდაიცვალა 70 წლის ასაკში, სოლომონი – 80 წლისა. და უკვე ამ პერიოდიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 70-80 წელია.

სიცოცხლე ორთქლია

დაბადების წიგნის 1-ლი-მე-3 თავები და რომაელთა წერილის მე-5 თავი მოწმობაა იმისა, რომ სიკვდილი არ არის სრულყოფილი სამყაროს ნაწილი, ის ცოდვის შედეგია, პირველი ადამიანების ღვთისადმი დაუმორჩილებლობის ნაყოფი. სიკვდილი არ არის ბუნებრივი, ის სასჯელია. პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ წერილში ნათქვამია (8-20:21): 

რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის.

რომაელთა 8-20:21

პავლე აღწერს სამყაროს, როგორც ამაოებასა და ხრწნილებაზე დამონებულს, სიტყვა ხრწნილება სიკვდილზე მიუთითებს. გვიჩვენებს, თუ როგორ დეგრადირდება სიცოცხლე სიკვდილის მდგომარეობამდე. მეფსალმუნე წერს:

ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო – შენი სახის შუქის წინ. რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ისე მიდის ჩვენი წლები, როგორც ერთი ამოსუნთქვა. ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს – ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფისა და არარაობისა, რადგან სწრაფად მიქრიან და ჩვენც იქით მივფრინავთ.

ფსალ. 89:8-10

წყევლა გაუქმებულია

რა შეგვიძლია ვთქვათ ადრეული ადამიანების უჩვეულოდ დიდხანს სიცოცხლეზე? რატომ იცოცხლეს 900 წელი?

პატრიარქი იაკობი სიკვდილის წინ ამბობს:

და უთხრა იაკობმა ფარაონს: ‘ჩემი ხიზნობის წელთა დღეები ას ოცდაათ წელს ითვლის. მოკლე და ავი იყო ჩემი სიცოცხლის წელთა დღენი, და ვერ მიაღწიეს მათ ჩემი მამების წელთა დღეებს, ხიზნობაში რომ გაატარეს.

დაბადების 47:9

იაკობი გრძნობს განსხვავებას თავისი და თვისი წინაპრების ცხოვრების ხანგრძლივობას შორის. რა თქმა უნდა, ჩვენც ამას ვგრძნობთ, როდესაც ვუყურებთ ჩვენს „სამოცდაათ წელს“, ან „კარგ შემთხვევაში, 80-90 წელს.“

ვფიქრობ, ღმერთმა მათ ხანგრძლივი სიცოცხლე მისცა, რათა ჩვენ შეგვეძლოს საწყისებთან დაბრუნება და გაანალიზება, თუ რა დავკარგეთ, რომ ასობით წელს სიცოცხლე შესაძლებელია და რომ სიკვდილი არ არის სრულყოფილი ქმნილების ნაწილი. ბიბლია გვიამბობს, რომ ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ სიცოცხლის ძალა შენარჩუნებული იყო ასობით წლის განმავლობაში ადრეულ საუკუნეებში იმის საჩვენებლად, რომ სიცოცხლე და არა სიკვდილი, გახლდათ ღმერთის ჩანაფიქრი. 

ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელობა.

მე-2 ტიმოთეს 1:10

ამრიგად, პირველი ადამიანების ხანგრძლივი სიცოცხლე გვიჩვენებს, თუ როგორი გეგმა ჰქონდა ღმერთს დასაწყისში და მიგვითითებს მის გეგმაზე სამომავლოდ, რომელიც არის მარადიული სიცოცხლე. სწორედ ამ სიცოცხლის მოსატანად მოვიდა ქრისტე, რომელმაც ჩვენი ცოდვების საკუთარ თავზე აღებით გააუქმა წყევლა და დაგვიხსნა ცოდვისა და შესაბამისად, სიკვდილის მონობისგან, რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია. ახლა კი იესო ქრისტეს რწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე.


ამავე კატეგორიის