მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, მაშინ ქრისტეც არ აღმდგარა. ხოლო ქრისტე თუ არ აღდგა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაგრამ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, განსვენებულთაგან პირველი.
ერთ დილით, ყავის დასალევად მიმიწვიეს კონრად ადენაუერთან ცოტა ხნით ადრე, სანამ ის გერმანიის კანცლერის თანამდებობას დატოვებდა. მისვლისას ველოდი, რომ მაღალი, ახოვანი და ოფიციალური კაცი დამხვდებოდა, რომელსაც არ მოეწონებოდა, რელიგიის შესახებ საუბარს თუ წამოვიწყებდი. მისალმების შემდეგ კანცლერი უცებ მომიბრუნდა და მკითხა: „ბატონო გრემ, რა არის ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ?“ სანამ მე გავცემდი პასუხს, მან თავად უპასუხა თავის კითხვას.
მან თქვა: „იესო ქრისტეს აღდგომა. იესო ქრისტე თუ ცოცხალია, მაშ, არსებობს იმედი მსოფლიოსათვის, ხოლო თუ იესო ქრისტე სამარხშია, მაშ, ვერ ვხედავ უმცირეს იმედსაც კი.“
შემდეგ კი უფრო მეტად გამაოცა, როდესაც თქვა, რომ სწამდა იესო ქრისტეს აღდგომის, რადგან აღდგომა იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკიცედ დადასტურებული ფაქტი. მან თქვა: „თანამდებობის დატოვების შემდეგ ვაპირებ, რომ დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შევაგროვო სამეცნიერო ფაქტები იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.“
ქრისტეს აღდგომის ფაქტმა უბიძგა მოწაფეებს, წასულიყვნენ და შეეცვალათ მსოფლიო. ისინი ქადაგებდნენ, რომ ქრისტე ცოცხალია. ამას უნდა ვაცხადებდეთ ჩვენც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.