„როგორ ვკარგავთ სიხარულს?“

by მათე თხელიძე
309 ნახვა

ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს.

იგავნი 16:18

უკმაყოფილება და უმადურობა მოიპარავს თქვენს სიხარულს.

ჭეშმარიტი სიხარული არის ღვთის საჩუქარი თითოეული მორწმუნისათვის, თუმცა, ცხადია, რომ ბევრ ქრისტიანს აკლია ეს სიხარული. როგორ შეიძლება ასე მოხდეს? ნუთუ ღმერთის ბრალია ეს? რა თქმა უნდა, არა. ისევე, როგორც სიმშვიდე, ხსნაში დარწმუნება და ხსნის სხვა ნაყოფები, სიხარულიც შეიძლება დაკარგოს მორწმუნემ მრავალი მიზეზის გამო, როგორიცაა, მაგალითად, ნებსით შეცოდება, ლოცვისგან თავის არიდება, შიში, ეგოცენტრულობა, გარემოებებზე ყურადღების გამახვილება და უპატიებლობა.

სიხარულის ორი მთავარი ქურდი არის უკმაყოფილება და უმადურობა. ორივე მათგანი არის დღესდღეობით გავრცელებული სიმდიდრის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სახარების მენტალობის პროდუქტი. ამან წარმოშვა ქრისტიანთა ის თაობა, რომლის წარმომადგენლებიც დიდად უკმაყოფილონი არიან, რადგანაც მათი მოთხოვნები და მოლოდინი არასოდეს ყოფილა ისე მაღალი, როგორც დღეს. მათ დაკარგეს ღვთის უზენაესობის გაცნობიერება და შესაბამისად, დაკარგეს უნარი ყველაფრისათვის მადლიერების გამოხატვისა.

ამის საპირისპიროდ, როდესაც იესო ასწავლიდა კმაყოფილებისა და ზრუნვის შესახებ (მათე 6:26-34), ის საუბრობდა საკვებსა და შესამოსელზე – ადამიანისათვის აუცილებელ საჭიროებათა შესახებ, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, საქმე პრიორიტეტებია და არა საჭიროებანი. დიდი რწმენის სახელით ჩვენ მოვითხოვთ კიდეც, რომ ღმერთმა უზრუნველგვყოს უფრო მეტი სასწაულით, უფრო მეტი სიმდიდრით და უფრო მეტი ძალაუფლებით.

ამ ყოველივეს ფონზე, პავლე მოციქულის სიტყვები მკაცრ შეგონებად და გაკიცხვად ჟღერს: „ვისწავლე დაკმაყოფილება იმით, რაც მაქვს“ (ფილიპელთა 4:11). ის ღმერთს მოთხოვნებს არ უყენებს, არამედ უბრალოდ ენდობა მის ღვთაებრივ განგებულებას. მიუხედავად იმისა, ცოტა ჰქონდა თუ ბევრი, ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონია. ორივე შემთხვევაში კმაყოფილი და მადლიერი იყო.

ნუ გახდებით ჩვენი დროის სულისკვეთების მსხვერპლნი. დაინახეთ ღვთის კურთხევანი და განადიდეთ ის მისი სიკეთისთვის. ასეთი მოქმედებით თქვენ დაიცავთ თქვენს გულს უკმაყოფილებისა და უმადურობისაგან და რაც მთავარია, სიხარულს მიანიჭებთ მას, რომელიც ყოველგვარი ქების ღირსია.

ილოცეთ, რომ სულიწმიდამ მოიტანოს თქვენში კმაყოფილება და სიხარული, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არსებულ გარემოებებზე აღმატებული იქნება.

ყოველდღიურად შესწირეთ მადლობა ღმერთს კონკრეტულ კურთხევათა და განსაცდელთათვის, რადგან იცით, რომ ის ორივეს გამოიყენებს იმისათვის, რომ თავისი ნება სრულყოფილ იქნეს თქვენში.

ჯონ მაკარტური


ამავე კატეგორიის