fbpx

„როცა გვგონია, რომ ღმერთი დაგვშორდა“

by ნატალია ჩიქოვანი
367 ნახვა

თავს როგორც არ უნდა ვგრძნობდეთ, ღმერთი მაინც არსებობს. ადვილია ღვთის თაყვანისცემა, როცა ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, როცა უფალი გვაძლევს საკვებს, მეგობრებს, ჯანმრთელობას, სიხარულს, მაგრამ ვითარება ყოველთვის არ არის სასიამოვნო. როგორ ვცეთ თაყვანი ღმერთს მძიმე პერიოდში? როგორ მოვიქცეთ, როცა გვგონია, თითქოს ღმერთი დაგვშორდა?

თაყვანისცემის ყველაზე მაღალ დონეზე ვართ ასული მაშინ, როცა მზად ვართ, ვაქოთ უფალი ტანჯვის მიუხედავად, მადლიერება გამოვხატოთ განსაცდელის ჟამს, მივენდოთ საცდურთა გარემოცვაში, დავემორჩილოთ გლოვისას და გვიყვარდეს, თუნდაც ჩვენგან უაღრესად შორს გვეჩვენებოდეს.

განშორება და ურთიერთობის არქონა ხშირად ხდება სერიოზული გამოცდა მეგობრობისთვის. ჩვენ, ხშირად, ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, ან უბრალოდ, რატომღაც ვერ ვახერხებთ საუბარს. შეიძლება ყოველთვის ვერ იგრძნოთ ღვთის სიახლოვე. ფილიპ იანსი ამბობდა: „ნებისმიერი ურთიერთობა სიახლოვისა და დაშორების მომენტებისგან შედგება, ასევეა ღმერთთან ურთიერთობაც…“ სწორედ ასეთ დროს ძნელი ხდება თაყვანისცემა.

ღმერთთან მეგობრობის გასაღრმავებლად უფალი პერიოდულად, მოჩვენებითი დაშორებით გამოგვცდის ხოლმე, როცა ყველაფერს ისეთი სახე აქვს, თითქოს მან მიგვატოვა და დაგვივიწყა… სინამდვილეში, ცხადია, რომ ღმერთი არ გვტოვებს, რადგან მარადიულია მისი აღთქმა:

არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ.

ებრაელთა 13:5

ფლოიდ მაკკლანგი ასე აღწერს ამას: „ერთ დილით ადამიანი ამჩნევს, რომ მისი ყველა სულიერი განცდა უკვალოდ გაქრა. იგი ლოცულობს, მაგრამ უშედეგოდ; წინააღმდეგობას უწევს ეშმაკს, მაგრამ არაფერი იცვლება. იგი გულდასმით ასრულებს სულიერ მეცადინეობებს; მეგობრებს სთხოვს, ილოცონ მისთვის, მარხულობს… ინანიებს ყველა შესაძლო ცოდვას… შედეგი კვლავ არ ჩანს. ადამიანი ეკითხება საკუთარ თავს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სულიერი სევდა? რამდენი დღე? რამდენი კვირა?.. ექნება მას დასასრული?.. მას ეჩვენება, რომ მისი ლოცვები კედლებს არ სცდება…“

სინამდვილეში არც არაფერი გემართებათ! ეს ღმერთთან თქვენი მეგობრობის გამოცდისა და გაღრმავების ჩვეულებრივი პროცესია… თანამედროვე ქრისტიანების ყველაზე გავრცელებული შეცდომა ისაა, რომ ისინი ეძიებენ არა ღმერთს, არამედ მიისწრაფვიან ამა თუ იმ განცდისკენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ზოგჯერ შეგნებულად გვათავისუფლებს განცდებისგან, რათა იმედს ვამყარებდეთ არა გრძნობებზე, არამედ მასზე.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის