„სინდისი: ღვთის გამაფრთხილებელი სისტემა“

by მათე თხელიძე
213 ნახვა

მადლობელი ვარ იმისა, რომ არსებობს გამაფრთხილებელი სისტემები: ავტომობილის ხელსაწყოების პანელი, სახლში დაყენებული კვამლის დეტექტორები, გზაზე არსებული სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.

უფლის სრულყოფილი ჩანაფიქრის მიხედვით, თითოეულ ჩვენგანში „ჩაშენებულია“ ორი გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც მოქმედებს იმისათვის, რომ დაგვიცვას ზიანისა და საფრთხისაგან.

პირველი არის ტკივილი. შესაძლოა, ბევრი ჩვენგანი ფიქრობდეს, რომ ტკივილი ცუდია, მაგრამ სინამდვილეში ეს ღმერთის საჩუქარია. სხეულში ტკივილის შეგრძნებისას ხვდებით, რომ რაღაც ცუდი ხდება. უფრო მეტიც, ტკივილი იმისთვის არის, რომ დაგვიცვას საკუთარი თავის დაზიანებისაგან.

ჰანსენის დაავადება, იგივე კეთრი, საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ გვიცავს ტკივილი. დიდი ხნის წინ ადამიანებს სჯეროდათ, რომ კეთრი ჭამდა ადამიანის კიდურებს, მის თითებს, ცხვირს, ყურებს, ნიკაპს. მხოლოდ 1800-იან წლებში აღმოაჩინეს ბიოლოგებმა, რომ კეთრი სულაც არ „ჭამს“ სხეულს.  

ის აზიანებს ნერვებს და ადამიანს უკარგავს შეხების შეგრძნებას. შეხებისა და ტკივილის გრძნობას მოკლებული ადამიანი, პირდაპირი მნიშვნელობით, იგლეჯს ცხვირს, ყურებს, შუბლს, ნიკაპს… შეიძლება თავი მოიფხანოს და სერიოზულად დაიზიანოს ისე, რომ ვერც იგრძნოს ეს. ადამიანს სრულიად ეკარგება ტკივილის შეგრძნება. შეიძლება თითი გაიჭრას და ვერაფერი იგრძნოს, ჭრილობაში კი ამ დროს ინფექცია შეიჭრას და განგრენა განვითარდეს. სხეულში „ჩაშენებული“ გამაფრთხილებელი სისტემის გარეშე ადამიანი თანდათანობით ინადგურებს თავს. ამრიგად, ტკივილი ჩვენი დამცავი სისტემაა.

სულიერი თვალთახედვით, ადამიანში „ჩაშენებული“ მეორე გამაფრთხილებელი სისტემა არის სინდისი, რომელიც იმავე ფუნქციას ასრულებს. ტკივილი გვაფრთხილებს ფიზიკური საფრთხის შესახებ, ხოლო სინდისი ზნეობრივი კანონის დარღვევისას გამხილებთ. მიუხედავად ამისა, მხოლოდ სინდისი ვერ იხსნის ადამიანს. ეს მხოლოდ მექანიზმია, სასიგნალო მოწყობილობა. იმ შემთხვევაში, თუ არ გავუფრთხილდებით სინდისს და არ „გავწვრთნით“ მას, ის ვერ შეძლებს ჩვენს გაფრთხილებას სულიერ საფრთხესთან დაკავშირებით. დამახინჯებული, დაზიანებული სინდისი ვერ შეძლებს თქვენს დაცვას. პირიქით, ის ცოდვისკენ გიბიძგებთ. თქვენი სინდისი ვერ შეძლებს საკუთარი ფუნქციის სათანადოდ შესრულებას, თუ რეალობისგან არ მიიღებს ინფორმაციას და თუ კუნთის მსგავსად არ ივარჯიშებს. მას სჭირდება განვითარება, დაცვა და გამახვილება. წმინდა ცხოვრებით ცხოვრება თუ გსურთ, რომლისკენაც უფალი მოგიწოდებთ, დაგჭირდებათ მისი სრულყოფილი სტანდარტების შესაბამისი სინდისი. სინდისი, რომელსაც გულმოდგინედ უნდა მოუსმინოთ და ყურად იღოთ მისი გაფრთხილებანი.

ჯონ მაკარტური


ამავე კატეგორიის