„ტანჯვა თუ წარმატება?!”

by ნატალია ჩიქოვანი
645 ნახვა

ერთი იტალიელი ჟურნალისტი დაინტერესებული იყო მონაზონთა ცხოვრების წესით; აინტერესებდა მათი ცხოვრებისეული ტრადიციები და ისიც, თუ როგორ იცავდნენ დუმილს მარტოდ მყოფნი. მან აბატს ჰკითხა: „რა მოხდება მერე, თუ სიცოცხლის ბოლოს აღმოაჩენ, რომ ათეიზმი ყოფილა ჭეშმარიტება. რა მოხდება, თუ გვიან მიხვდები, რომ არ არსებობს ღმერთი?“ აბატმა უპასუხა: „სიწმინდე, სიჩუმე და შესაწირავი თავისთავად ჯილდოს მოლოდინის გარეშეც დიდებულია. მე მაინც კარგად გამივლია ჩემი ცხოვრების გზა.“

ტანჯვაზე ღრმა ფიქრებმა მცირეოდენი წარმოდგენა ჩამომიყალიბა ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ. აბატის პასუხი ზედაპირული იყო, თუმცა ის დიდების შესახებ საუბრობდა. მისი სიტყვები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანდა. თავიდან ვერ მივხვდი, შემდეგ კი უდიდესი ტანჯული ქრისტიანი, მოციქული პავლე გავიხსენე. გამაოცა აბატსა და პავლეს შორის დანახულმა უფსკრულმა. პავლეს პასუხი ინტერვიუს წამყვანის კითხვაზე აბატის პასუხისგან სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ჟურნალისტმა იკითხა: „რა მოხდება, თუ აღმოჩნდება, რომ შენი ცხოვრების გზა მცდარი იყო და ღმერთი არ არსებობს?“ აბატის აზრი სინამდვილეში ასე ჟღერდა: „ჩემი ცხოვრება მაინც კარგი და კეთილშობილური იქნება.“

პავლემ კი ამ კითხვას პასუხი გასცა 1-ლი კორინთელთა 15:19-ში: „თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველაზე საცოდავები ვყოფილვართ.“ ეს სრულიად ეწინააღმდეგება აბატის პასუხს.

რატომ არ ეთანხმება პავლე ბერს? რატომ არ ამბობს პავლე: „ქრისტე რომ არ აღმდგარიყო მკვდრეთით, ღმერთი, სიყვარულით ცხოვრება და შრომა, შეწირვა და ტანჯვაც რომ არ არსებობდეს, ასეთი ცხოვრების გზა მაინც კარგია“? რატომ არ ამბობს: „აღდგომის ჯილდოს მიღების მიუხედავად მაინც არა ვართ საცოდავნი“? ნაცვლად ამისა, რატომ ამბობს: „თუ ქრისტეში ჩვენი იმედი საბოლოოდ ცრუ აღმოჩნდება, ყველაზე მეტად საბრალონი ვართ“?

უმჯობესია ცხოვრება ქრისტესთან ერთად? ეს არის ეკლესიის წინაშე დასმული არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვა, განსაკუთრებით კი, ამერიკასა და დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში არსებული ეკლესიებისთვის. რამდენჯერ მოგვისმენია ქრისტიანების დამოწმება იმის შესახებ, რომ ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ დადებითად შეიცვალა მათი ცხოვრება? ახლახან მოვისმინე ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც ქრისტე მიიღო, კარგად ჩაატარა თამაშები. ის ამაყობდა, რომ რვა შეხვედრიდან რვავე მოიგო.

როგორც ჩანს, ქრისტიანების უმეტესობა, წარმატებულ დასავლეთში ქრისტიანობას უყურებს, როგორც საკუთარი მატერიალური წარმატების საფუძველს, თუნდაც ქრისტესა და აღდგომის გარეშე − ეს კეთილდღეობის სახარებაა! ეს საშიშია! სულიწმიდის ნაყოფი არის სიყვარული, სიხარული და მშვიდობა. ამრიგად, თუ მივიღებთ სიყვარულს, სიხარულს და მშვიდობას, განა ეს არ არის წარმატებული ცხოვრება?!

მაშ, რას ამბობს არასწორად პავლე? რატომ ამბობდა, რომ თუ არ არის აღდგომა, ყველაზე საცოდავნი ვართო? შესაბრალისად არ გამოიყურება ადამიანი, როცა მხიარულ და დამაკმაყოფილებელ ილუზიაში ცხოვრობს სამი ან ათი გატანილი გოლის გამო, თუ ეს ილუზია არანაირ სასიკეთო გავლენას არ ახდენს მომავალზე; თუკი ეს სიცრუე შეიძლება სიცარიელედ და უაზრობად გადაიქცეს ბედნიერებისთვის, მაშინ ნამდვილად მოტყუებულნი დავრჩებით. როგორც ჩანს პავლესათვის ამის პასუხი ასეთი გახლდათ: ქრისტიანული ცხოვრება არ გულისხმობდა კარგ და წარმატებულ ცხოვრებას. ამის ნაცვლად, პავლე თავისი ნებით არჩეული წამებული ცხოვრებით ცხოვრობდა.

პავლეს სჯერა ღმერთის, დარწმუნებულია აღდგომაში და იმედი აქვს ქრისტესთან მარადიული ურთიერთობისა, რაც სულაც არ ნიშნავს კომფორტულ ცხოვრებასა და კმაყოფილებას აღდგომის გარეშე. არა, რასაც მისი იმედი წარმოშობს შედეგად, არის საკუთარი ნებით არჩეული ტანჯვით ცხოვრება. დიახ, მან იცოდა, რას ნიშნავდა უსიტყვო სიხარულიც, მაგრამ ეს იყო „იმედში სიხარული“ (რომაელთა 12:12) და ეს იმედი აძლევდა მას იმის თავისუფლებას, რომ აეტანა ტანჯვა, რომელსაც ის არასოდეს აირჩევდა აღდგომის იმედის გარეშე. აღდგომა რომ არ აერჩია პავლეს, ის შესაბრალისი იქნებოდა.

დიახ, ამ ტანჯვაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიხარულია, მაგრამ ამ სიხარულს წარმოშობდა ტანჯვის მიღმა არსებული სიხარული. ამაზეა ყურადღება გამახვილებული რომაელთა მიმართ წერილში (5:3,4):

და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას.

რომაელთა 5:3-4

ეს არის სიხარული გასაჭირში. სიხარული გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომლის მიხედვითაც გასაჭირი ხელს უწყობს იმედის მიღებასა და ზრდას. იმედი თუ არ არსებობს, მაშინ პავლე სულელი ყოფილა, რადგან იტანდა ამ გასაჭირს და უფრო მეტად სულელი, რადგან ხარობდა განსაცდელში, მაგრამ, არსებობს იმედი! პავლემ აირჩია ცხოვრების ის გზა, რომელიც მხოლოდ საცოდავი ცხოვრება იქნებოდა, თუ მას საუკუნო სიცოცხლის იმედი არ ექნებოდა. ეს არის ჩემი კითხვის პასუხი. დიახ, მან ტანჯვა არჩია…

ჯონ ფაიფერი


ამავე კატეგორიის